“თანასწორობის მოძრაობის” დახმარებით ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, გამართლდნენ, ხოლო ის პირები, რომლებიც მათ პროვოცირებას ცდილობდნენ ტრანსფობიური რეპლიკებით, დააჯარიმეს.
2019 წლის 5 ნოემბერს „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებს დაგვიკავშირდნენ ტრანსგენდერი ქალები თ. ქ. და მ.კ. რომლებიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იქნენ მიცემული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარამდე ან/და პატიმრობას 14 დღემდე.
2019 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებთან მივიდა სამი მოქალაქე ქალბატონები: ლ.კ, ლ.ო და მამაკაცი ვ.კ, რომელებმაც ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერ ქალებს.
კერძოდ, დასცინოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, რომელს ერქვა მამაკაცის სახელი. ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ, ტრანსგენდერმა ქალებმა გამოიძახეს პოლიცია, პოლიციამ კი ადგილზე მისვლის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, როგორც აღნიშნული სამი პიროვნების, ასევე დაზარალებული ტრანსგენდერი ქალების მიმართაც.
“თანასწორობის მოძრაობა” საწყისი ეტაპიდან ჩაერთო საქმის განხილვაში, ხანგრძლივი პროცესების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ 2019 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით შეწყვიტა სამართალწარმოება ტრანსგენდერი ქალების თ.ქ სა და მ.კ-ს მიმართ, ხოლო აღნიშნული პიროვნებებიდან ორი ლ.კ და ლ.ო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის და მათ დაეკისრათ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 500-500 ლარი.