საინექციო პრეპი
საინექციო ლენაკაპავირი (LEN) კანქვეშა ინექციის სახით კეთდება და აივ ინფექციისგან სულ მცირე 6-თვიან დაცვას უზრუნველყოფს მაღალი რისკის მქონე პირებისთვის.
რა არის ლენაკაპავირი?
ლენაკაპავირი არის ახალი ინექციური მედიკამენტი აივ ინფექციის პრევენციისთვის. ორალურად მისაღები ტაბლეტირებული პრეპ-ისგან განსხვავებით, ლენაკაპავირი ინექციის სახით ყოველ 6 თვეში (წელიწადში ორჯერ) ერთხელ კეთდება .
მისი მოქმედების მექანიზმი ასეთია: პრეპარატი ბლოკავს აივ-ის კაფსიდს (ვირუსის დამცავ გარსს), რითაც ხელს უშლის ვირუსის მიერ ადამიანის ჯანმრთელი უჯრედების ინფიცირებას. ყოველი ინექციის შემდეგ დაცვა 6 თვის განმავლობაში გრძელდება.
რამდენად ეფექტიანია ლენაკაპავირი?
PURPOSE-ის კლინიკურ კვლევებში ლენაკაპავირმა აივ-ის პრევენციის მიმართულებით მაღალი ეფექტიანობა აჩვენა:
- PURPOSE 1 კვლევაში აივ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე 2,134 მონაწილეს შორის ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა — პრეპარატის ეფექტიანობამ 100% შეადგინა.
- PURPOSE 2 კვლევაში აივ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე 2,180 მონაწილეს შორის ინფიცირების მხოლოდ 2 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 99.9%-ზე მაღალ ეფექტიანობაზე მიუთითებს.
ლენაკაპავირის ეფექტიანობა დამოკიდებულია მედიკამენტის საწყისი სქემის სრულად შესრულებასა და შემდგომი ინექციების დროულად გაკეთებაზე.
როგორ ტარდება ლენაკაპავირით პრევენციული მკურნალობა?
| დრო | პროცედურა |
|---|---|
| I დღე | ორი კანქვეშა ინექცია (კანის ქვეშ) მუცელში ან ბარძაყში; დამატებით ორი ორალური ტაბლეტი |
| II დღე | ორი ორალური ტაბლეტი (ინექციის გარეშე) |
შემდგომ ყოველ 6 თვეში ორი კანქვეშა ინექცია მუცელში ან ბარძაყში
თითოეული ინექციის წინ აუცილებელია აივ ტესტირება
შემდგომ ვიზიტებზე ორალური ტაბლეტები აღარ არის საჭირო
ინექციას აკეთებს სპეციალისტი (თვითინექცია დაუშვებელია). საწყის ეტაპზე მისაღები ტაბლეტები ხელს უწყობს ორგანიზმში მედიკამენტის ეფექტიანი კონცენტრაციის სწრაფად მიღწევას.
თუ ინექცია 2 კვირაზე მეტით დაგვიანდა: დამაკავშირებელი – „bridge“ ორალური ტაბლეტის დამატება ინექციაზე დაგეხმარებათ დაცვის შენარჩუნებაში შემდეგ ინექციამდე.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტების უმეტესობა მსუბუქი და დროებითია:
- ინექციის ადგილზე: ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან კვანძები/გამაგრებები (მყარი კვანძები, რომლებიც შესაძლოა ხანგრძლივად დარჩეს)
- სხვა: თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, კუნთების ტკივილი
- ლენაკაპავირი არ იწვევს წონის მატებას, ძვლის სიმკვრივის შემცირებას ან თირკმლის პრობლემებს, რომლებიც აღწერილია ზოგიერთი ორალური პრეპ მედიკამენტის შემთხვევაში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- ლენაკაპავირის დაწყებამდე და ყოველი ინექციის წინ აუცილებელია აივ ტესტირება აივ-უარყოფითი სტატუსის დასადასტურებლად.
- ლენაკაპავირი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისგან (სიფილისი, გონორეა და სხვ.) ან არასასურველი ორსულობისგან.
- ინექციის მიღება შეგიძლიათ შეწყვიტოთ ნებისმიერ დროს (არ იწვევს მოხსნის სიმპტომებს); მედიკამენტი ორგანიზმიდან თანდათანობით გამოიყოფა.
- დაცვის სრული ეფექტისთვის აუცილებელია საწყისი სქემის დასრულება (დღე 1 + დღე 2) და შემდეგი ინექციისთვის ყოველ 6 თვეში ერთხელ დაბრუნება.
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.