კონდომები და ლუბრიკანტები


თანასწორობის მოძრაობის უფასო სერვისი

კონდომები და ლუბრიკანტები

თანასწორობის მოძრაობა სრულიად უფასოდ, ანონიმურად და კონფიდენციალურად გთავაზობთ ლატექსის კონდომებს ორი ზომით — სტანდარტული და დიდი და წყლის ბაზაზე დამზადებულ ლუბრიკანტებს 20 მლ შეფუთვაში.

✓უფასო

კონდომები და ლუბრიკანტები უფასოდ

◈ანონიმური

პირადი მონაცემების გამჟღავნების გარეშე

რას გთავაზობთ?

◉

ლატექსის კონდომები

ხელმისაწვდომია სტანდარტული და დიდი ზომები. შეარჩიე ზომა, რომელიც კომფორტულად გერგება.

◉

წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტი

20 მლ შეფუთვა. თავსებადია ლატექსის კონდომებთან და ხელს უწყობს ხახუნის შემცირებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი კონდომი?

კონდომები ბარიერული თავდაცვითი საშუალებების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლის სწორად შერჩევასაც აქვს თავისი სარგებელი:

  • ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გადაცემის რისკს;
  • ამცირებს არასასურველი ორსულობის რისკს;
  • სწორად შერჩეული ზომა და ლუბრიკანტი სქესობრივ აქტს უფრო კომფორტულს ხდის.

იმისათვის, რომ კონდომმა მაქსიმალურად შეასრულოს დამცავი ფუნქცია, მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევა და გამოყენება. კონდომი ამცირებს, მაგრამ სრულად არ გამორიცხავს ყველა ინფექციის გადაცემის რისკს.

ზომას გააჩნია!

კონდომის არასწორმა ზომამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ჩამოცურება ან დაზიანება. კონდომი არ უნდა იყოს ზედმეტად ვიწრო, არ უნდა იწვევდეს ტკივილს ან დისკომფორტს და არც ზედმეტად ფართო უნდა იყოს. მისი კიდე კომფორტულად უნდა ერგებოდეს პენისს. თუ რომელიმე პირობა ირღვევა, სცადე სხვა ზომა.

კონდომის გავრცელებული ზომები

კატეგორია ნომინალური სიგანე
პატარა 49–52 მმ
სტანდარტული / რეგულარული 52–56 მმ
დიდი 56–60 მმ

ეს ზომები საორიენტაციოა და ბრენდების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. ზომის აღმნიშვნელი ნიშნულები ზუსტ მილიმეტრულ ზომას ყოველთვის არ შეესაბამება — შეამოწმე შეფუთვაზე მითითებული ნომინალური სიგანე.

როგორც წესი, აფთიაქებში ხშირად გვხვდება საშუალო ზომის კონდომები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ერთნაირად ერგება.

კონდომები არომატით

სტანდარტული კონდომების გარდა არსებობს სხვადასხვა არომატის, ხშირად ხილის არომატის მქონე კონდომებიც, რომლებსაც ზოგჯერ ორალური სექსისთვის იყენებენ. არომატიზებული კონდომის გამოყენებისას შეამოწმე შეფუთვაზე მითითებული დანიშნულება და თავსებადობა.

ალერგიული რეაქცია ლატექსზე

კონდომების უმეტესობა ლატექსისგან მზადდება. ზოგიერთ ადამიანს ლატექსზე ალერგიული რეაქცია აქვს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ქავილით, სიწითლით ან გამონაყარით. რეაქცია ზოგჯერ უფრო მძიმეც შეიძლება იყოს.

ლატექსზე ალერგიის შემთხვევაში არსებობს სხვა მასალით დამზადებული კონდომები, მათ შორის პოლიურეთანისა და პოლიიზოპრენის. თუ ლატექსზე ალერგია გაქვს, არ გამოიყენო ლატექსის კონდომი და შეარჩიე შესაბამისი ალტერნატივა.

როგორ მივიღო უფასოდ?

მიმართე თანასწორობის მოძრაობის სათემო ცენტრს.

მისამართი: თბილისი, ია კარგარეთელის ქ. №2
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი, 12:00–19:00

მისამართი რუკაზე