ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


“თანასწორობის მოძრაობის” ჩარევით დააკავეს პიროვნება, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა.

“თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტებმა დაზარალებულს გაუწიეს კონსულტაცია და თანხლება გამოკითხვისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 137-ე და 236-ე (ყაჩაღობა, გაუპატიურება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლების მიხედვით მიმდინარეობს.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების ძალისხმევით საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.