“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების დახმარებით, ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე შანტაჟს დააღწია თავი.
“თანასწორობის მოძრაობას” ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა მომართა, რომელსაც მისი ნაცნობი აშანტაჟებდა სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება მის უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა.
დაზარალებულს ბრალდებულმა 2019 წლის 12 ივლისს მოსთხოვა, რომ მის ანგარიშზე 1000 ლარი ჩაერიცხა. დაზარალებულმა თანხის ნაწილი, 500 ლარი გადაურიცხა 12 ივლისს, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა გადაერიცხა 13 ივლისს საღამომდე.
“თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა პოლიციას და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დააკავეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით, ან ორიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ბრალდებულს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 6 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თანასწორობის მოძრაობა დაზარალებულის ინტერესებს საქმის დასრულებამდე დაიცავს.
თუ თქვენი უფლებები ირღვევა თანასწორობის მოძრაობა მზადაა, რომ უფასოდ იურიდიული მომსახურება გაგიწიოთ და თქვენი ინტერესები დაიცვას.