19 ივნისს დაზარალებული ტრანსგენდერი ქალის ინტერესებს თანასწორობის მოძრაობა იცავს


19 ივნისს, დაახლოებით ღამის 10 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ.

დაზარალებულის განმარტებით, 4 თავდამსხმელი მას მიუახლოვდა, იქცეოდნენ ცინიკურად, ისმოდა მათი მხრიდან ტრანსფობიური კომენტარები (ეკითხებოდნენ ქალი იყო თუ კაცი), მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა (აგინებდნენ). შემდეგ კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, ნატკენი აქვს ხელი, თუმცა ეს დაზიანებები არაა სიცოცხლისთვის საშიში. მას ჩაუტარდა ექსპერტიზა.

20 ივნისს, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში “თანასწორობის მოძრაობის” იურისტი დაზარალებულთან ერთად იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

თავდამსხმელები ჯერ დაკავებული არ არიან. როგორც პოლიციამ განგვიმარტა ისინი აწარმოებენ დამნაშავეების დადგენის სამუშაოებს. “თანასწორობის მოძრაობა” იცავს დაზარალებულის ინტერესებს და გააგრძელებს საქმის მონიტორინგს.