კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეშფოთებას გამოხატავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სადაც სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და უფლებადამცველ ორგანიზაციათა საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს.
კვლევაში, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების შეფასებას ეხებოდა, სასამართლომ კონკრეტული გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული შეფასება: „[…] ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე“ ცილისმწამებლურად მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ასევე, უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკვე დადგენილ პრაქტიკას.
უკვე არსებული, მკაფიო და თანმიმდევრული პრაქტიკით დადგენილი სტანდარტიდან დაუსაბუთებლად გადახვევა და მისი მკვეთრად გაუარესება მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტის მკვეთრად გაუარესების გარდა, უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავიანთი ფუნდამენტური, მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება. ეს კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, დამატებითი მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ხელმომწერი ორგანიზაციები ვიმედოვნებთ, რომ უზენაესი სასამართლო გაიაზრებს საკუთარ როლს და მნიშვნელობას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის პროცესში, არ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის პოზიციას და გააუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
კოალიციის წევრები:
თანასწორობის მოძრაობა
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
მრავალეროვანი საქართველო
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
ლიბერალი
კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
დემოკრატ მესხთა კავშირი
თავისუფლების ინსტიტუტი
სამოქალაქო განვითარების სააგენტო
საქართველოს გაეროს ასოციაცია
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
დემოკრატიის ინსტიტუტი
ევროპის ფონდი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
თბილისის მედია კლუბი
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
საქართველოს ევროპული არჩევანი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
კავშირი “საფარი”
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
ააიპ “ფრემა”
წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“
ლიბერალური აკადემია თბილისი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)