ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციისგან დასაცავად – ევროსაბჭოს ECRI-ის რეკომენდაციები


ლგბტ დროშა ფოტო: Annamaria Vidović/flickr

ევროსაბჭოს რასიზმის საწინააღმდეგო კომიტეტმა (ECRI) შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, რათა დაძლიონ პრაქტიკები და პოლიტიკა, რომელიც აღვივებს დისკრიმინაციასა და მიუღებლობას ლგბტქი ადამიანების მიმართ.

რეკომენდაციები თავმოყრილია ახალ ბუკლეტში, რომელიც 2021 წლის 1 მარტს გამოქვეყნდა. ბუკლეტი ფოკუსირებულია სამართლებრივ ჩარჩოზე და იმ გზებზე, რომლითაც შესაძლებელია შეწინააღმდეგება ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისადმი, რომელიც ვლინდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონებში; კანონმდებლობაში, რომელიც ეხება თანაცხოვრებისა და ქორწინების საკითხებს, ასევე თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობაში.

სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების ცნობიერების ამაღლება, განათლება და გადამზადება არის საფუძველმდებარე, რათა შევაჩეროთ დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულობები ლგბტქი ადამიანების მიმართ. უნდა შეიქმნას საიმედო და ყოვლის მომცველი მონაცემთა სისტემები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ, რათა პოლიციასა და სამართალდამცავ უწყებებს შეეძლოთ, რომ კონტროლი გაუწიონ ამ კუთხით არსებულ ვითარებას.

ლგბტქი ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია სამთავრობო უწყებებს, რომლებმაც საჯაროდ უნდა დაგმონ სიძულვილის ენა ლგბტქი ადამიანების მიმართ და შეიმუშაონ საწინააღმდეგო ნარატივები. ასევე პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, რელიგიური გაერთიანებების, მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ზომების მიღებაში.

ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილის შემცველი საქმეები სრულად უნდა გამოიძიონ, და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად აგებინონ პასუხი დამნაშავეს, ხოლო ძალადობის შემთხვევებში, უნდა დარწმუნდნენ, რომ სიძულვილის მოტივი გამოკვეთილია გამოძიების დაწყებისთანავე.

სხვა რეკომენდაციები მოიცავს სპეციალური დანაყოფების შექმნას, რათა გაუმკლავდნენ რასისტულ და ლგბტქი ფობიურ შემთხვევებს, ასევე ყურადღება გამახვილებულია მსხვერპლთა წახალისებაზე ამგვარი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და დამოუკიდებელი სამსახურის შექმნის თაობაზე, რომელიც განიხილავს საჩივრებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

იხილეთ ბროშურა შემდეგ ბმულზე