“თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობა და საქართველოს მდგომარეობა “ილგა-ევროპის” ანგარიშში


არასამთავრობო ორგანიზაციამ “ილგა-ევროპა” გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში, სადაც მოხვდა “თანასწორობის მოძრაობისა” და პარტნიორი ორგანიზაციების განხორციელებული ღონისძიებები ლგბტქი უფლებების გასაუმჯობესებლად. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე გამოწვევები.

“ილგა-ევროპის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმა ვერ ასახავდა ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს, ამისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ, რათა შეეგროვებინათ ფული მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ასევე, აღნიშნულია გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივითა და “თანასწორობის მოძრაობასა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფთან” თანამშრომლობით შეიქმნა ანტიკრისიზული გეგმა, რომელმაც ლგბტქი თემის წევრების ნაწილს საბაზისო საჭიროებები დაუფინანსა.

ანგარიშში ასევე შევიდა “თანასწორობის მოძრაობისა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიმართვის საფუძველზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება, რომ ერთერთი გადაცემის წამყვანმის დისკრიმინაციულმა გამონათქვამებმა გააძლიერა სტიგმა.

“ილგა-ევროპამ” აღნიშნა, რომ თანასწორობის მოძრაობის ინიციატივით, თბილისისა და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩატარდა ქვიარ თეორიის კურსი, რომელსაც 80 სტუდენტი დაესწრო. ასევე ის, რომ თანასწორობის მოძრაობის ინიცირებით, სახალხო დამცველმა მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომ თავისი სახელმძღვანელოებიდან ამოეღო სტიგმის წამახალისებელი წინადადებები.

ასევე აღნიშნულია, რომ სისხლის დონაციის 10 წლის პერიოდით შეზღუდვა შემცირდა 12 თვემდე მსმ (მამაკაცი, რომელსაც სექსი აქვთ მამაკაცთან) თემისთვის, რაც შედეგად მოჰყვა “თანასწორობის მოძრაობის” ინიციატივას. ასევე, “თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით, რომ ცვლილება შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლში და აივ-ის შეყრის დეკრიმინალიზება მოხდეს.

ანგარიშში აისახა “თანასწორობის მოძრაობისა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ინიციატივით ჩატარებული პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებისთვის ტრენინგები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თაობაზე.

პანდემიის გამო არაერთი ლგბტქი ადამიანი, განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანი, დარჩა სახლის გარეშე. მდგომარეობას ართულებს ის, რომ ლგბტქი ადამიანები იძულებული არიან წამოვიდნენ თავისი სახლიდან. შედეგად, მათ არ აქვთ მიწერის ადგილი, ან პირადობის მოწმობაში არსებული რეგისტრაციის ადგილი არ შეესაბამება რეალობას, რაც ართულებს დამხმარების მიღების პროცედურებს, ვკითხულობთ ანგარიშში.

2020 წლის შეჯამებისას აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არ ჩატარებულა 17 მაისის აღსანიშნავი ღონისძიება, თუმცა მღვდლებმა “ნაკურთხი მანქანებით” დალოცეს ქვეყნის ქუჩები. ასევე ის, რომ თბილისის პრაიდის ოფისის წინ, აივანზე ლგბტქი დროშის გადმოფენას მოჰყვა პროტესტი მცირე ჯგუფის მხრიდან, რომლებმაც ისროლეს სხვადასხვა ნივთები ორგანიზაციის ოფისის მისამართით, პოლიციამ ისინი დასაჯა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით და არ მიანიჭა საქმეს დამამძიმებელი გარემოება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს ის, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აირჩიეს ბავშვთა უფლებების გაეროს კომიტეტის წევრად, რადგან კილაძე გამოირჩევა ჰომოფობიური დამოკიდებულებებით.

ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2009 წელს ფონდ ინკლუზივის დარბევის თაობაზე, სადაც ცალსახადაა აღნიშნული, რომ პოლიციის რეიდმა და გამოძიებამ დაარღვია წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა ( მე-3 მუხლი). სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციის რეიდი იყო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მისი მიზანი ლგბტ უფლებათა დამცველების დამცირება იყო.

2020 წლის ანგარიშს თან ერთვის ილგა ევროპის ინდექსი და რუკა, რომელიც მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: თანასწორობა და არადისკრიმინაციულობა; ოჯახი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა; გენდერის სამართლებრივი აღიარება; სივრცე სამოქალაქო საზოგადოებაში და თავშესაფარი

რუკის მიხედვით საქართველოს 30%-იანი მაჩვენებლი აქვს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს 8%-ით ჩამორჩება. ამ ინდექსში პირველ ადგილს კვლავ მალტა იკავებს. ინდექსში პირველობენ დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანს (2%).

ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წელს 49 ქვეყნაში არ მომხდარა დადებითი ცვლილებები. უკვე მეორე წელია, რაც ინდექსში ქვეყნები უკან-უკან მიდიან, რადგან არსებული რეგულაციები უჩინარდება; ინტერსექსი ადამიანების დაცვა დისკრიმინაციისგან ნელი ტემპით მიიწევს წინ და გაუარესება განსაკუთრებით ხილულია იქ, სადაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სუსტდება: ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველები არიან საფრთხის ქვეშ, მთავრობის წევრები მოქმედებენ სამოქალაქო ორგანიზაციების გასანადგურებლად და ცდილობენ, რომ აკრძალონ საჯარო ღონისძიებები.

იხილეთ ანგარიში სრულად annual review