უფასო აივ-ტესტირება


“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ სწრაფ,უფასო და სრულიად ანონიმურ ტესტირებას აივ ინფექციაზე. ჩვენს მომსახურებაში ასევე შედის VCT – ანუ ნებაყოფილობითი კონსულტირება. ტესტირება მოიცავს პრეკონსულტირებას, ტესტირებას და პოსტკონსულტირებას. ასევე შეგიძლიათ, მიიღოთ ლუბრიკანტები და კონდომები.

მომსახურების გაწევის საათები: 12:00-19:00 (წინასწარი ჩაწერის გარეშე)

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ იყენებთ აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის რუტინულ სერვისებს (მაგ. სამ თვეში ერთხელ არ იტარებთ სწრაფ ტესტირებას) და გაწუხებთ აივ ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

აივ ინფექციის დამახასიათებელი სიმპტომები სხვა ინფექციური დაავადებებისგან დიდად არ განსხვავდება (სწორედ ამიტომ არის რუტინული შემოწმება რეკომენდებული). აივ ინფექციისათვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • გადიდებული ლიმფური კვანძები; (კისერზე, საზარდულსა და იღლიის ფოსოში)
  • მომატებული ტემპერატურა;
  • გამონაყარი;
  • თეთრი ფერის ნადები ენაზე;

თუ ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი თქვენთვის უცნობია, ეჭვი შეიძლება აივ ინფექციაზე აიღოთ.

თუ თქვენ თვლით რომ სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ შეიძლება აივ ინფექციით იყოს გამოწვეული, შეგიძლიათ თანასწორობის მოძრაობაში ჩაიტაროთ სწრაფი ტესტი (სისხლის ან ნერწყვის) და დაახლოებით 20 წუთში გაიგოთ თქვენი დიაგნოზი. თუ სწრაფი ტესტის შედეგი იქნება საეჭვო დადებითი, გადაგამისამართებთ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, სადაც ვენური სისხლის აღების შემდეგ დადგინდება ხართ თუ არა აივ დადებითი. თუ შიდსის ცენტრში დამატებითი კვლევით დადასტურდება, რომ აივ დადებითი ხართ, თქვენ ჩაგიტარდებათ სიღრმისეული გამოკვლევა (PCR ტესტი), რომლის შედეგადაც ორგანიზმში დაითვლება T-ლიმფოციტებისა და აივ ვირუსის რაოდენობა თქვენს სისხლში. ამასთან თქვენ დარეგისტრირდებით შიდსის ცენტრის ბაზაში (რომლის კონფიდენციალობაც საქართველოს კანონით არის დამტკიცებული) და დაგენიშნებათ პირადი ექიმი.

აივ ინფექციასთან და შიდსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო ბევრი ადამიანისთვის ამ დიაგნოზის მოსმენა ფსიქოტრავმის ტოლფასია. “თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ ფსიქოლოგის მომსახურებას, სადაც კვალიფიციური ფსიქოლოგები გაგიწევენ ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს.

აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) არის ვირუსული ინფექცია. აივ ინფექცია ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ ადამიანის იმუნურ უჯრედებს აინფიცირებს და ამ გზით ახერხებს გამრავლებას. ეს პროცესი დროთა განმავლობაში ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. იმუნიტეტის დაქვეითების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი ვეღარ იცავს თავს სხვადასხვა დაავადებისაგან.

მას შემდეგ, რაც აივ ინფექციის უჯრედების გამრავლების შედეგად ადამიანის იმუნიტეტი გარკვეულ ზღვარს ქვემოთ ჩამოდის, თავს იჩენს სხვადასხვა დაავადება. ამ ეტაპს ექიმები შიდსს (შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს) უწოდებენ. შემთხვევითი არ არის სიტყვა სინდრომის ხმარებაც, რადგან იმუნიტეტის გარეშე დარჩენილი ადამიანის ორგანიზმი, როგორც წესი, რამდენიმე დაავადების მსხვერპლი ერთდროულად ხდება.

აივ ინფექცია შეიძლება ადამიანს გადაედოს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • სისხლის გადასხმის დროს;
  • ინფიცირებული ნემსის ან რამე სხვა ინფიცირებული საგნის ჩხვლეტის შედეგად;
  • დედიდან შვილზე, თუ ორსულობის დროს დედა არის აივ ინფიცირებული და არ მკურნალობს.

აივ ინფექცია არ გადადის:

  • აივ ინფიცირებულ ადამიანთან ჩახუტებით;
  • ჰაერწვეთოვანი გზით (მაგ. ტუჩებში კოცნით);
  • დაცული სექსის შემთხვევაში;
  • მწერის ნაკბენით (მაგ. კოღოს ნაკბენით).
  • თუკი აივ დადებითი პირი იმყოფება არმ მკურნალობაზე და მისი ვირუსული დატვირთვა არაგანსაზღვრადია, გადაცემა შეუძლებელია

აივ ინფექციისგან თავდაცვის რამდენიმე გზა არსებობს:

  • დაცული სექსი (კონდომისა და ლუბრიკანტის გამოყენება);
  • PrEP (პრეექსპოზიციური მკურნალობა);
  • PEP (პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა);
  • პერმანენტული ტესტირება (რეკომენდებულია სამ თვეში ერთხელ) ;
  • საჭირო ინფორმაციის ქონა აივ/შიდსის შესახებ.

დღესდღეობით აივ ინფექციის მკურნალობა არსებობს, მაგრამ განკურნება არა. ეს იმას ნიშნავს, რომ აივ ინფექცია არის მართვადი ქრონიკული დაავადება. თანამედროვე მედიცინას გააჩნია სხვადასხვა სახეობის მედიკამენტები (ანტირეტროვირუსული მედიკამენტები), რომლებიც ეწევიან ვირუსის ისეთ სუპრესიას, რომ აივ დადებითი ადამიანის სისხლში ვირუსი აღარ ჩანს. აივ დადებითი ადამიანი, რომელიც მკურნალობს, ცხოვრობს ისეთივე ხარისხის სიცოცხლით, როგორითაც აივ უარყოფითი ადამიანი.

იქიდან გამომდინარე, რომ აივ ინფექცია არის ქრონიკულად მართვადი დაავადება, აივ დადებით ადამიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევთ პრეპარატების მიღება. ამ პროცესს, როგორც წესი, რამდენიმე სირთულე ახლავს. ხშირად, როდესაც აივ დადებითი ადამიანები მკურნალობას იწყებენ, წამლების გვერდითი მოვლენები იმდენად აშინებთ, რომ მკურნალობაზე უარს ამბობენ.

თუმცა, ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, წამლის მიღების დაწყებიდან ორი კვირა ან მაქსიმუმ ერთი თვე გრძელდება. მას შემდეგ რაც ადამიანის სხეული ეჩვევა მედიკამენტს, გვერდითი ეფექტები ქრება. მეორე პრობლემა, რომელსაც აივ დადებითი ადამიანები აწყდებიან, ფსიქოლოგიური შიშია. იმის წარმოდგენა, რომ მთელი ცხოვრება რაღაც წამალი უნდა სვას ადამიანმა, ცოტა შემაშინებელი შეიძლება იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ როდესაც შეძლებს ადამიანი ამ პროცესის რუტინად ქცევას, ეს შიშები უკვალოდ ქრება.

არვ (ანტირეტროვირუსული) მკურნალობა აივ ინფექციასთან ბრძოლის მთავარი მეთოდია და მას აივ დადებითი ადამიანებისთვის სასიცოცხლო ფუნქცია აქვს. დღესდღეობით მსოფლიოში მრავალი სახეობის ანტირეტროვირუსული მედიკამენტი არსებობს. არვ თერაპია, როგორც წესი, რამდენიმე მედიკამენტის ერთად მიღებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტების ერთსა და იმავე დროს მიღება, რადგან არ მოხდეს ე.წ. რეზისტენტულობის გამომუშავება.

მოლეკულურ დონეზე არვ მკურნალობის  მუშაობის მექანიზმი საკმაოდ კომპლექსურია, მაგრამ ძირითადი ფუნქცია რაც მას აკისრია აივ ვირუსის გამრავლებისგან შეჩერება და იმუნური უჯრედების დაცვაა.

მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, როგორც წესი, ვირუსის რაოდენობა ადამიანის სისხლში მცირდება. თუმცა, მკურნალობის საბოლოო მიზანი ვირუსის რაოდენობის იმდენად შემცირებაა, რომ საერთოდ აღარ გამოჩნდეს PCR ტესტის მეშვეობით. ამ მდგომარეობას არაგანსაზღვრადი მდგომარეობა ეწოდება.

არვ თერაპიის წარმატებულობა რამდენიმე კრიტერიუმით შეიძლება გაიზომოს. თუმცა, მთავარია აივ დადებითი ადამიანის სისხლში ვირუსის რაოდენობა არაგანსაზღვრადი გახდეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ვირუსის რაოდენობა იმდენად ცოტაა, რომ სიღრმისეული კვლევისას ის ფაქტობრივად აღარ ჩანს.

მკურნალობის მიზანია, რომ მას შემდეგ რაც აივ დადებითი ადამიანის სისხლში ვირუსის რაოდენობა არაგანსაზღვრადი გახდება, ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს. შესაბამისად, მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობა (სისხლის ანალიზით და ექიმთან კონსულტაციით) რამდენიმე თვეში ერთხელ მოწმდება (ძირითადად 4 თვეში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ).

იქიდან გამომდინარე, რომ არვ თერაპია მთელი ცხოვრების მანძილზე მედიკამენტების განუწყვეტელ მიღებას გულისხმობს, პაციენტების ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ასევე, სისხლის საერთო ანალიზით, გლუკოზის განსაზღვრითა და სხვა მეთოდებით ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება.

საქართველოში არვ თერაპია და ყველა ზემოთ აღწერილი სამედიცინო სერვისები უფასოა  და მას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი უზრუნველყოფს.