“თანასწორობის მოძრაობის” ინიციატივით პოლიციელებისთვის ტრეინინგი ჩატარდა


პოლიცია წყარო: შსს

,,თანასწორობის მოძრაობის” ინიციატივითა და ,,ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ტრეინინგი პოლიციის თანამშრომლებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 20 თანამშრომელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირებისა და გამოძიების სტანდარტების თემაზე ონლაინ ტრეინინგი ჩაუტარეს.

სწავლებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

  1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით;
  2. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება და ძირითად ტერმინთა განმარტება;
  3. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები;
  4. დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოსაკვეთად გასათვალისწინებელი გარემოებები;
  5. გამომძიებლის დაზარალებულთან/მოწმესთან კომუნიკაციის სტანდარტები;
  6. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენცია და სხვ.

“თანასწორობის მოძრაობის” ინიციატივით 2020 წლის განმავლობაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე ტრეინინგი ჩაუტარდათ პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებს. პროექტის მიზანია, პოლიციელებისა და გამომძიებლების პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ სამართალდამცავთა მგრძნობელობის ამაღლება.