სისხლის დონაციაზე “თანასწორობის მოძრაობის” რეკომენდაცია სამინისტრომ გაითვალისწინა


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ “თანასწორობის მოძრაობის” რეკომენდაცია გაითვალისწინა და მსმ თემისთვის სისხლის დონაციის აკრძალვა 12 თვის ვადით განსაზღვრა.

აღნიშნული რეკომენდაციით “თანასწორობის მოძრაობამ” ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის თებერვალში მიმართა.

რეკომენდაცია ითვალისწინებდა, რომ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაიარად:

ე) მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 12 თვით ბოლო კონტაქტიდან).

რაც სამინისტრომ დააკმაყოფილა. ცვლილება ძალაში 2020 წლის 31 მარტიდან შევა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 17 დეკემბერს №2/16/1346 განჩინებით არაკონსტიტუციურად გამოაცხადა მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, ხოლო ნორმის ძალადაკარგულაც ცნობა გადაავადა 2020 წლის 21 მარტამდე.  სწორედ ამ ვადაში სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ახალი რეგულაციის შემუშავება, რომელიც მსმ ადამიანებს დონაციის უფლებას შეუზღუდავს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც ობიექტურად აუცილებელია დონაციის უსაფრთხოებისთვის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლი დონაციის ყველაზე ხანგრძლივ- 10 წლიან შეზღუდვას მხოლოდ მსმ ადამიანებისთვის ადგენდა. ყველა სხვა შემთხვევაში დონაციის გადავადება ხდება ე.წ „ფანჯრის პერიოდით“- 12 თვით. ამგვარი რეგულირების მიზანს წარმოადგენს პოტენციური რეციპიენტების დაცვა სისხლის გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, აივ/შიდსისგან.

მიუხედავად იმისა, რომ მსმ პოპულაცია, ზოგადად, მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნება, „ფანჯრის პერიოდის“ ათვლა ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში იწყება რისკის შემცველი ქცევის უკანასკნელი მომენტიდან. შესაბამისად, მსმ პირებისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის შეზღუდვა იმაზე მეტი ვადით, ვიდრე აუცილებელია სისხლის ტესტის ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რეალური რისკების გამოსარიცხად, არათანაზომიერი და არაკონსტიტუციურია.