„თანასწორობის მოძრაობამ“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად:
- სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის მოქმედი რედაქცია „შიდსი შეყრა“ იცვლება „სისხლის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადების შეყრით“;
- კანონპროექტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება სისხლის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შეყრის/შეყრის საფრთხის შექმნისთვის;
- განსაზღვრულია დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შიდსის შეყრის შემადგენლობის ცალკე მუხლით მოწესრიგება ხელს უწყებს აივ ინფექცია/შიდსის მიმართ არსებული სტიგმის გავრცელებასა და განმტკიცებას, აძლიერებს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს აივ-დადებითი ადამიანების მიმართ. გარდა ამისა, შიდსის შეყრის კრიმინალიზება აფერხებს აივ-ის პრევენციისა და მკურნალობის პროცესის განვითარებას, მათ შორის, ხელს უშლის ადამიანებს ჩაიტარონ ტესტირება და გაამჟღავნონ თავიანთი სტატუსი.
მიგვაჩნია, რომ შეთავაზებული ცვლილებების მიღება ხელს შეუწყობს აივ ინფექცია/შიდსის მიმართ არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევას. ცვლილებები გააუმჯობესებს აივ-დადებითი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას.