კოალიციის წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრის, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძალადობრივი მონაწილეობის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და მოქალაქის მიმართ გამოყენების მცდელობის ფაქტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ დეპუტატის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია 2020 წლის 26 მარტს, სამცხე-ჯავახეთში ენზელ მკოიანსა და ყოფილ დეპუტატ საველ პეტროსიანის ახლობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდი. იმ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით დგინდებოდა, რომ ს. პეტროსიანისა და ე. მკოიანის ახლობლებს შორის დაპირისპირება ყოფით საკითხზე მოხდა, რის გამოც გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) დაიწყო და სამართალდამცავებმა ს. პეტროსიანი და ე. მკოიანის ძმისშვილი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გავრცელებული ვიდეო მასალით იმთავითვე დგინდებოდა, და ამ ეტაპზე გავრცელებული კადრები უკვე აშკარად ცხადყოფს, რომ ამ დაპირისპირების დროს ე. მკოიანი იყენებდა იარაღს. თუმცა, დეპუტატის მხრიდან იარაღის გამოყენების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რაც მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების სამართლებრივ და პოლიტიკურ პრივილეგირებულობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომლები, თუმცა, ის ქმედით ზომებს არ იღებს დეპუტატის უკანონო და ძალადობრივი ქცევის აღსაკვეთად და მის მიმართ აშკარა ლოიალობას ინარჩუნებს.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 26 მარტის შემთხვევის მიღმა ე. მკოიანის სახელს სამცხე-ჯავახეთში მომხდარი სხვა ძალადობრივი შემთხვევებიც უკავშირდება. კერძოდ, 2020 წლის 8 მაისს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ ხოსიპოში მცხოვრებ ორ მოქალაქეს ენზელ მკოიანთან დაახლოებულმა პირმა ა.ა.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. მომხდარის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. ადგილობრივები საუბრობენ, რომ სავარაუდო დამნაშავეების დეპუტატთან ახლობლობის გამო, შესაძლოა დაზარალებულები თავს იკავებდნენ გამოძიებასთან თანამშრომლობისგან და არსებობს მომხდარის არაეფექტური გამოძიების რისკი. ადგილობრივების განმარტებით, ჯგუფურ დაპირისპირებები პერიოდულად ხდება, სადაც ე. მკოიანის ახლობლები მონაწილეობენ, დაზარალებულ პირებს აშინებენ, რის გამოც პოლიციას არ მიმართავენ, დამნაშავე პირები არ ისჯებიან, რაც კიდევ უფრო ახალისებს მკოიანის გარემოცვის უკანონო ქმედებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მკოიანის ახლობლები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ინციდენტში აგრეთვე მონაწილეობდა 8 მაისს შემთხვევის სავარაუდო მონაწილე ა.ა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო და სასამართლოს განაჩენიც დადგა, ბრალდებულებს კი სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრათ.
მომხდარ ძალადობრივ შემთხვევებზე სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება, კიდევ ერთხელ აჩვენებს ენზელ მკოიანის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და მისი სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს, რომელიც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკებს ქმნის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ხელისუფლების სურვილი ელექტორალური მიზნებისთვის გამოიყენოს მისი გავლენები, ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება და რეგიონების პოლიტიკურ იზოლაციას აღრმავებს, ის არსებითად აზიანებს დემოკრატიის მშენებლობის პროცესს ქვეყანაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ
საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ენზელ მკოიანის ქმედებების დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, გამოკვეთოს მონაწილე პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და არ დაუშვას ლოიალობა და პრივილეგიები ე. მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.
კოალიციის წევრები არიან:
- თანასწორობის მოძრაობა
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG)
- ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- კავშირი „საფარი“
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)