“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ღია ეთერი” 28 აპრილის გამოშვებაში ერთერთი წამყვანის მონოლოგს, რომელიც ეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, თუმცა მთლიანად აგებული იყო ჰომო/ტრანსფობიურ ნარატივზე.
გადაცემის ერთერთმა წამყვანმა ვანო მერაბიშვილთან წარმართულ ინტერვიუზე საუბრისას “მთავარი აქცენტების” წამყვანის ნიკა გვარამიას მიმართ გამოიყენა შემდეგი სიტყვები:
“…მეორე სუბიექტი [ნიკა გვარამია], რომელიც ასევე დაკარგულია, ოღონდ, როგორც ჩანს, გენდერული იდენტობის ძიებაში…”, “მასაც [ვანო მერაბიშვილს] და მისი გენდერული იდენტობის ძიებაში დაკარგულ მოსაუბრეს [ნიკა გვარამიას] არ გახსენებია…”
ამავე გადაცემაში, როდესაც წამყვანი საუბრობდა რესპუბლიკური პარტიის წევრ ლევან ბერძენიშვილზე გამოყენებული იყო ფოტო ინტერვიუდან ლევან ბერძენიშვილის გამოსახულებით, სადაც მას ლგბტ დროშა უჭირავს. ლევან ბერძენიშვილზე საუბრისას სულ ორი ფოტო იქნა გამოყენებული. აქედან ფოტო ლგბტ დროშით ორჯერ, უფრო უფრო ხანგრძლივად იყო ნაჩვენები. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი არ შეეხებოდა ლგბტ უფლებების დაცვას ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე საკითხს.
გაუგებარი დარჩებოდა ამ ფოტოს გამოყენების მიზანი, ცხადი რომ არ იყოს ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზების ნაცნობი მეთოდები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თანაწამყვანი საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებსა და ანტიპატიებს არ ფარავს. გადაცემის ავტორები აშკარად ცდილობდნენ ლევან ბერძენიშვილის, როგორც პოლიტიკურად მიუღებელი ფიგურის წარმოჩენას, რაც გამყარებული იყო [გადაცემის წამყვანების აზრით], ლგბტ თემთან უადგილო და შეუსაბამო დაკავშირებით.
ლგბტ თემი ერთერთ ყველაზე მარგინალიზებულ და ჩაგრულ ჯგუფად მიიჩნევა, სოციალური და უფლებრივი უთანასწორობა მწვავედ ისახება ლგბტ ადამიანების ცხოვრებაზე. ჰომოფობია/ტრანსფობია ხდება იმის საფუძველი, რომ არაერთი ადამიანი სოციალური მხარდაჭერის გარეშე რჩება, რაც მათ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა მოქალაქეებთან შედარებით.
სახელმწიფო არ აღიარებს ტრანსგენდერი ადამიანების გენდერულ იდენტობას, რაც იმით გამოიხატება, რომ ტრანს ადამიანებს არ აქვთ მათი გენდერის შესაბამისი ჩანაწერი იურიდიულ დოკუმენტებში. ეს გარემოება, მათ ხელს უშლის მიიღონ განათლება, დასაქმდნენ, მიიღონ საბანკო თუ სხვადასხვა მომსახურება და უფრო მეტიც, საზღვარზე გადაადგილებაშიც კი ეშლებათ ხელი. ამის გამო ტრანსგენდერი ადამიანები დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან. ტელეკომპანია “იმედი” და გადაცემის ავტორები უნდა აცნობიერებდნენ რას სჩადიან, როდესაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, გენდერული იდენტობის საკითხს ქილიკისა და დისკრიმინაციის საგნად აქცევენ.
მედიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლგბტ საკითხების გაშუქებისას, რადგანაც მას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ განწყობებზე. მედიას შეუძლია პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა მოახდინოს მაყურებლების დამოკიდებულებებზე, ისევე როგორც კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაზე. რასაც უნდა აცნობიერებდეს ტელეკომპანია “იმედი.”
ტელეკომპანია “იმედი” მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. იგი ასევე ერთერთი რეიტინგული ტელევიზიაა. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, რომ დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მაყურებლებზე. აღნიშნულ შემთხვევაში გადაცემაში, წამყვანის სარედაქციო ტექსტითა და შეუსაბამო კადრების გამოყენებით წახალისებულია დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე.
აღნიშნულ გადაცემაში ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნაცნობი და გავრცელებული პრაქტიკაა გამოყენებული, რამდენადაც სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საკითხს პოლიტიკურ კონტექსტთანაა დაკავშირებული. მით უფრო, რომ ახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი, რომლის დროსაც ჰომოფობია მედიაში სიძულვილის ენის გამოყენების ერთერთ გავრცელებულ პრაქტიკად რჩება.
მოვუწოდებთ, გადაცემის წამყვანებსა და ტელეკომპანია “იმედს”, რომ მეტი წინდახედულება გამოიჩინონ, როდესაც ადამიანების ბედით თამაშობენ და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საკითხებს პოლიტიკური ანგარიშსწორების საგნად აქცევენ.