ქვიარ ადამიანის დაშანტაჟებაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


პოლიცია წყარო: შსს

პირს, რომელიც ლგბტ თემის წევრს სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, 2 წლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

თანასწორობის მოძრაობას ქვიარ თემის წევრმა 2019 წლის 13 ივლისს მომართა, რომელიც აცხადებდა, რომ მას სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობების გავრცელებით ემუქრებოდა ი.ნ და აღნიშნული მოტივით სძალავდა თანხას.

დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. ბრალდებული მისგან 1000 ლარის გამოძალვას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით ემუქრებოდა.

როგორც დაზარალებულმა “თანასწორობის მოძრაობის” იურისტებს განუმარტა, აღნიშნულმა პიროვნებამ თანხის ნაწილი – 500 ლარი გამოსძალა.

“თანასწორობის მოძრაობამ” საქმეში ჩართვის შემდეგ მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც დაწყებულ იქნა გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლით. აღნიშნული პიროვნება დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საპატიმრო გირაო 6000 ლარი, ხოლო დაზარალებულ თემის წევრს აუნაზღაურდა ქონებრივი ზიანი – 500 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ ცნო ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

თუ თქვენი უფლებები ირღვევა თანასწორობის მოძრაობა მზადაა, რომ უფასოდ იურიდიული მომსახურება გაგიწიოთ და თქვენი ინტერესები დაიცვას.