31 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ წევრ ბესიკ დანელიას ლგბტ აქტივისტის ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა ბესიკ დანელიას ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში აქტივისტის ჰომოფობიური რეპლიკით მოხსენიებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარი დააკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბესიკ დანელიამ On.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც 1 ლარად შეაფასა ლგბტ ადამიანების ღირსება: “სასამართლომ ყველაფერი ნათლად უთხრა ლევან ბერიანიძესაც და ამ იდენტობასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით ცდილობენ შექმნან პრეცენდენტები ვითომ ისინი იჩაგრებიან“.
„თანასწორობის მოძრაობის“ შეფასებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ახალისებდა ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფებს, ხოლო ლგბტ ადამიანებს უკარგავდა მოტივაციას, დარღვეული კანონიერი უფლებისა და ინტერესის დასაცავად მიემართათ სასამართლოსთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა „თანასწორობის მოძრაობის“ არგუმენტები და დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ იქნებოდა შემაკავებელი ხასიათი და მეტიც, ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია წამახალისებელიც კი გამხდარიყო ჰომოფობიურად განწყობილი პირებისათვის, რადგანაც 1 ლარის დაკისრებით მოპასუხე ფაქტობრივად გათავისუფლდა ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან. ეს ნათლად დადასტურდა მას შემდეგ, რაც ბესიკ დანელიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კვლავ გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა პრეცედენტი, რომლითაც ლგბტ ადამიანებს შეეძლებათ კანონით დადგენილი წესით ეფექტიანად დაიცვან საკუთარი პატივი და ღირსება შელახვისგან. ამასთან, მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება ერთგვარი შემაკავებელი ხასიათი ჰომო- და ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანებისთვის.