3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაერთო პრეპ პროგრამაში


პრეპი – პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა არის აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდი. ყოველდღიურად დღეში 1 აბის მიღების შემთხვევაში პრეპი აივ ინფექციისგან იცავს 99%-მდე. პროგრამა საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება და მასში ამჟამად სამასამდე ადამიანია ჩართული. გეტყვით სამ მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩაერთოთ პროგრამაში.

1. პრეპი 99%-მდე დაგიცავთ აივ/შიდსისგან

პრეპი განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირების მომატებული რისკი აქვს. პრეპ მედიკამენტის ყოველდღიურად მიღების შემთხვევაში, ის 99%-მდე დაგიცავთ აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებისგან. პრეპის პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. პროგრამა სრულიად კონფიდენციალური და ანონიმურია. პროგრამაში ჩართვისთვის არსად არ მოგეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ამის ნაცვლად ჩვენ ვიყენებთ 15 ნიშნა კოდს, რომლის საშუალებით ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

2. უფასო ანალიზები

ეს არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი სქესობრივი ცხოვრება გახადოთ უფრო უსაფრთხო  და აკონტროლოთ თქვენი სექსუალური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. კერძოდ, პრეპ პროგრამაში ჩართვისას, თავდაპირველად ერთ, ხოლო შემდგომ სამ თვეში ერთხელ გიტარდებათ უფასო გამოკვლევები

პირველადი ვიზიტი:

–     ექიმის პირველადი კონსულტაცია

–     B ჰეპატიტის ვირუსის ანტიგენის ტესტი (HBsAg)

–     ტესტირება C ჰეპატიტზე (Anti HCV)

–     ტესტირება სიფილისზე

–     სისხლის საერთო ანალიზი

პროგრამაში ჩართვიდან 1 თვის შემდეგ პაციენტს უტარდება:

–     განმეორებითი ტესტირება აივ ინფექციაზე, რათა გამოირიცხოს აივ ინფექციის „ფანჯრის პერიოდი“ და დადასტურდეს აივ ნეგატიური სტატუსი;

–     განმეორებითი კრეატინინს განსაზღვრის ტესტი, რათა დინამიკაში დადგინდეს მედიკამენტების გავლენა თირკმლის ფუნქციებზე;

–     გვერდითი მოვლენების გაძლიერებული მონიტორინგი;

–     პროაქტიული დამყოლობის კონსულტირება;

3. მინიმალური გვერდითი ეფექტები და უფასო, რეგულარული კონსულტაციები ექიმთან

პრეპის ფარგლებში გამოიყენება აივ ინფექცია/შიდსის სამკურნალო მედიკამენტი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებს ათასობით ადამიანი.   პრეპ მედიკამენტების უსაფრთხოება დამტკიცებულია ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ. პრეპ მედიკამენტს, ისევე, როგორც სხვა

ნებისმიერ სამედიცინო დანიშნულების პრეპარატს, რა თქმა უნდა, ახასიათებს   გვერდითი მოვლენები; თუმცა ისინი იშვიათად ვლინდება და სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პრეპ პროგრამა მოიცავს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას აღნიშნული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით.