2 აგვისტოს შსს–ს აკადემიაში „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სტანდარტების შესახებ“ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგს შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი გოგა ხატიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი თამარ მჭედლიშვილი უძღვებოდნენ.
სასწავლო კურსის მიზანი იყო მონაწილეებისთვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აქტუალობისა და სახელმწიფოს ვალდებულებების გაცნობა. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით; სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტები; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა ქართულ კანონმდებლობაში; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლებთან და მოწმეებთან კომუნიკაცია; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენცია.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს დაურიგდათ სპეციალური კითხვარი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში მოტივის გამოსაკვეთად.
ტრენინგი ჩატარდა „ევრაზიული კავშირი კაცების ჯანმრთელობისთვის“ (ECOM) ფინანსური მხარდაჭერით.