წულუკიანმა, სავარაუდოდ, ტრანსფობია გამოიყენა კრიტიკის ასაცილებლად – Human Rights Watch


თეა წულუკიანი ფოტო: იმედინიუსი

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სავარაუდოდ, ტრანსფობიური განწყობების გამოყენებით, სცადა თავიდან აეცილებინა მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკა.

“საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ლგბტ ადამიანები ხშირად განიცდიან ძალადობას, შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში. ჰომოფობიური განცხადებები თანამდებობის პირების მხრიდან საზოგადოებაში გავრცელებულ ჰომოფობიას ასაზრდოებს.

ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკის გაქარწყლება გენდერის აღიარების მიმართ კონსერვატიული მიდგომის დახმარებით სცადა, რითიც, სავარაუდოდ, საზოგადოებაში გავრცელებული ტრანსფობია გამოიყენა. მოწინავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა მოითხოვა წულუკიანისგან, რომ გადამდგარიყო რადგან მისი სამართლებრივი რეფორმები ჩავარდა, მათ შორის სასამართლო სისტემაში. წულუკიანმა კი მათ საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციებს მის მიმართ აქვთ წყენა, რომ იგი ეწინააღმდეგება იმას, “ადამიანი, რომელსაც აქვს კაცის ორგანოები, დაარეგისტრიროს ქალად” და პირიქით. ქართული კანონმდებლობა ტრანსგენდერ ადამიანებს გენდერის აღიარების უფლებას აძლევს, თუმცა მათ სთხოვენ, ქირურგიულ ჩარევას”, – წერია ანგარიშში.

Human Rights Watch-ის ანგარიშში, რომელიც მოიცავს 2018 წელს, ლგბტ საკითხების გარდა, ასახულია პრეზიდენტის არჩევნები, მედიის თავისუფლება, პოლიციის მიმართ დაბალი ნდობა, შრომითი უფლებები და სხვა საკითხები. ანგარიშს დეტალურად შეგიძლია გაეცნოთ ამ ბმულზე.

ლგბტ აქტივისტები მრავალი წელია ითხოვენ, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარება შესაძლებელი გახდეს ტრანს ადამიანებისთვის ისე, რომ არ მოითხოვონ მათგან ქირურგიული ჩარევა. 2018 წელს იუსტიციის სახლთან გაიმართა აქცია, რომლითაც ქალთა უფლებების დამცველები და ლგბტ აქტივისტები მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ტრანს ადამიანებზე და შექმნას გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი, რომლითაც ტრანსგენდერ ადამიანებს არ მოსთხოვენ ქირურგიულ ჩარევას.

აქციის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს. აღნიშნული პრობლემა კვლავაც დღის წერიგში დგას.

სიტყვები, რომელსაც შეეხო Human Rights Watch, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედში სტუმრობისას თქვა “მართლაც არის რამდენიმე რეფორმა, რომელიც მე არ გამიტარებია და რომელსაც რატომ არ გაატარეო, ისინი მსაყვედურობენ. მსაყვედურობენ, რომ ჩვენ არ ვაფიქსირებთ საბუთებში სქესს ისე, როგორც ისინი მოითხოვენ… ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანები, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად.”