ტრანსგენდერი ქალი პრობაციის ბიუროში ტრანსფობიური დამოკიდებულებების გამო სამინისტროს განცხადებით მიმართავს


თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა ტრანსგენდერმა ქალმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს განცხადებით მიმართა. განცხადებაში საუბარია პრობაციის ბიუროში არსებული ტრანსფობიური დამოკიდებულების შესახებ.

განცხადებაში ტრანსგენდერი ქალი ყურადღებას ამახვილებს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც პრობაციის ბიუროს თანამშრომლების მხრიდან მომდინარეობს. ბიუროში გამოცხადებისა და ოფიცერთან ურთიერთობის დროს იგი უსიამოვნებებს ბიუროში თითქმის ყოველი გამოცხადების დროს აწყდება. ბიუროს თანამშრომლების მხრიდან ხშირად აქვს ადგილი დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ და უხეშ დამოკიდებულებას, რაც მისთვის პატივისა და ღირსების შემლახველია.

მისი განცხადებით, ბიუროს თანამშრომლების ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ტრანსფობიური და დისკრიმინაციული განწყობებით მისი გენდერული იდენტობის გამო.

განცხადებით ტრანსგენდერი ქალი ითხოვს თბილისის პრობაციის ბიუროში ნეიტრალური, მიუკერძოებელი, არადისკრიმინაციული და ადამიანის ღირსების შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფას.

პრობაციის ბიუროს თანამშრომლები ვალდებულნი არიან, სათანადო პატივისცემა გამოიჩინონ პრობაციონერების მიმართ და მოექცნენ მათ ღირსეულად, მიუხედავად ნებისმიერი ნიშნისა. მსგავსი დამოკიდებულების არსებობა ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელია.