სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების შესახებ


სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების გამო, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და არნემის “ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას მიერ, 2017 წლის 15 ოქტომბერს “ჰერაკლესის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს მოჰყვა.   

აღსანიშნავია, რომ კამპანია, რომელშიც ფეხბურთელი ნებაყოფლობით იყო ჩართული, ემსახურება დისკრიმინაციასთან ბრძოლას და ყველა ადამიანის თანასწორობის აღიარებას. ამის მიუხედავად, მის მონაწილეობას აღნიშნულ კამპანიაში ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.  მათ კაშიას ქმედება ლგბტ თემის “პროპაგანდად” მიიჩნიეს, რის გამოც სოციალურ ქსელებში იგი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. ფეხბურთელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა გაჩნდა გურამ კაშიას საქართველოს ნაკრებიდან გარიცხვის მოთხოვნაც.  გურამ კაშიას მხარი დაუჭირეს ქართველმა ფეხბურთელებმა და მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, რასაც ჰომოფობიური და ქსენოფობიური მოძრაობის ე.წ. ქართული მარშის მიერ 31 ოქტომბერს საქარველოს ფეხბურთის ფედერაციის წინ ორგანიზებული აქცია მოჰყვა ლოზუნგებით: „არა ბინძურ ფეხბურთს“, „დაიცავით ბავშვები სოდომის პროპაგანდისგან“. აქციის მონაწილეებმა დემონსტარციულად დაწვეს ლგბტ დროშა და მათ ძირითად მოთხოვნას გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვა და ლევან კობიაშვილის მიერ საზოგადოებისათვის ბოდიშის მოხდა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ აქციაზე  პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი  ხულიგნობასათვის აქციის 8 მონაწილე პირი იქნა დაკავებული.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ისედაც გაძლიერებულ ჰომოფობიურ განწყობებს საქართველოში. მმართველი პარტიის მიერ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის არაერთგზის საჯარო დეკლარირების მიუხედავად, გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთების ფაქტზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა შემდეგი განცხადება გააკეთა:  

“შესაბამისად, გადაჭარბებულად მოხდა თუნდაც დროის რესუსრსის დათმობა აღნიშნული თემისთვის. ჩემი პოზიციაა – არა ძალადობას და არა  პროპაგანდას”          

საზოგადოებას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ლგბტ ადამიანები არიან საზოგადოების თანასწორი წევრები და მათ თანასწორი უფლებები გააჩნიათ. მათი უფლებების აღიარება და დაცვა არა პროპაგანდა არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პოლიტიკოსების მიერ ლგბტ ადამიანების უფლებებზე საუბრისას რუსული პროპაგანდის მიერ დამკვიდრებული ტერმინის “ლგბტ პროპაგანდის” გამოყენება.  

ჰომოფობიური განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენლმა ზაზა პაპუაშვილმაც:

„ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი ვარ, თუ ჭკუიდან არ გადამიყვანენ. “ლგბტ” თემის გამო ქვეყანა ხომ არ უნდა აირ-დაირიოს. ამ თემების პროპაგანდისთვის ფული იხარჯება. შფოთი უნდა მოხდეს, ამიტომ მე ვარ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე. ფეხებზე მკიდია “ლგბტ” მხარდაჭერის მიზნით სამკლაურის გამკეთებელიც [გურამ კაშია] და ამის მომხრეებიც.”  

მკვეთრად ჰომოფობიური განცხადება გააკეთა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ:  

“პროპაგანდა არის ის, რომ გამოდის ორი შვილის დედა და ან ორი შვილის მამა და იძახის, რომ, ესე ვთქვათ, სხვა ორიენტაციის არის და ეს არის თურმე ნორმალური და პროპაგანდა არის ის, როდესაც ვიღაცა მიმტკიცებს, რომ თურმე ბავშვს რომ დედა და დედა და მამა და მამა ჰყავს ეს არის ნორმალური და არ მგონია, დიანა [ტრაპაიძე] ახლა, რომ თქვენ გინდოდეთ, რომ თქვენ შვილს დედა და დედა ან მამა და მამა ყავდეს და არც ის არ მგონია, რომ ის გაგეხარდეთ, რომ თქვენმა ქალიშვილმა ან ასე ვთქვათ, ვაჟიშვილმა შესაბამისი ერთსქესიანი ქორწინების, ასე ვთქვათ, აქტი განგიხორციელოთ სახლში და ამიტო ნუ შევაყრით საზოგადოებას თვალში ნაცარს“.

ჰომოფობიური განცხადებების გაკეთება პოლიტიკოსების და მით უმეტეს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ  ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობა ისედაც ძლიერია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს გადაწყვეტილებებში, რომ პოლიტიკოსებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავიანთი იდეების და აზრების გავრცელებაზე, ვინაიდან მათ მეტი ადამიანი უსმენს და მათი გავლენა გაცილებით დიდია. სასამართლოს განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა თავი აარიდონ ისეთი კომენტარების გაკეთებას, რომელიც წაახალისებს შეუწყნარებლობას.

პოლიტიკოსებთან ერთად ტოლერანტული გარემოს დაკვიდრებაში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს. სწორედ ამის გამოხატულებაა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმები (კანონის 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები), რომელიც კრძალავს ისეთი პროგრამების გადაცემას, რომელიც ხელს უწყობს შეუწყნარებლობას და დისკრიმინაციას. ამავე მიზნისკენაა მიმართული ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა  ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ,  ხშირ შემთხევევაში, მედიის წარმომადგენელთა მხრიდან ხდება  მსგავსი თემებით სპეკულირება, რითაც ისინი თავად ხდებიან ჰომოფობიური განწყობების წამახალისებლები. 27 ოქტომბერს მაესტროს საინფორმაციო გამოშვების – “ახალი ამბები მაესტროზე” წამყვანი მაგდა ანიკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან ინტერვიუს დროს ცდილობდა, ნეგატიურ კონტექსტში განეხილა ფეხბურთელის ქმედება, რის გამოც “არა ფობიას!” წევრმა ორგანიზაციებმა საჩივარით მიმართეს ტელეკომპანია “მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს.  

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, საჯარო პირებს და მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან, რათა კიდევ უფრო მეტად არ გამძაფრდეს ჰომოფობიური განწობები საზოგადოებაში, არ შეილახოს სხვადასხვა ნიშნით უმცირესობაში მყოფი პირების უფლებები და არ მოხდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისება, რაც ზიანს აყენებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

იდენტობა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

თანასწორობის მოძრაობა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

კავშირი “საფარი”

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)