საბის, ბიანკას, ზიზისა და ლიკას უკან დგას მრავალი ტრანსგენდერი ადამიანი, რომელთა სახელებიც ჩვენთვის უცნობია, მაგრამ აღარც ისინი არიან ცოცხლები!
ტრანსგენდერი ქალები ყოველდღიური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან და ჩვენ მათ წინაშე ვართ ვალში! ვალში ვართ, რადგან სწორედ ისინი არიან, ვინც ყველაზე მეტად ჩანან, ვინც პირველები იღებენ საკუთარ თავზე ყველა იმ დარტყმას, რომელიც ჩვენთვის შეიძლება უხილავი და უცნობი იყოს.
საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები არ არიან მხოლოდ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მათ არამხოლოდ ბოროტმოქმედი პირები, არამედ სახელმწიფოც კლავს. სისტემა, რომელიც არ იღებს განსხვავებულ ადამიანებს, პრაქტიკულად უარს ეუბნება ტრანს ქალებს იმ სერვისებზე, რაც ჰეტერონორმატიული ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი.
სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც საკუთარი საქმიანობის მაღალი სტანდარტით ამაყობენ, ტრანსგენდერი ქალების მიმართ იმაზე ხშირად არიან უყურადღებოები, დამცინავები და დისკრიმინაციულები, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია!
ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად უარყოფს ტრანს-ჯანდაცვაზე ორიენტირებულ სერვისებს და ამიტომ ტრანსგენდერ ადამიანებს ხშირად უწევთ თვითადმინისტრირებული მედიკამენტური მკურნალობა, რაც ხშირად მთავრდება მძიმე შედეგებით!
განათლების სისტემა არაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ ისედაც ჰომოფობიურ თანამედროვე ქართულ კულტურაში ის მაინც შეიცვალოს, რომ მომავალი თაობები ტრანსფობიისა და სიძულვილისგან განთავისუფლდნენ!
ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს სამუშაო, სადაც შეიძლება ტრანსგენდერი ადამიანი დასაქმდეს და ამის მიზეზი ის ტრანსფობიური განწყობებია, რომლის შესამცირებლადაც საქართველოს სახელმწიფო არაფერს აკეთებს!
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრანს ჯგუფი ყოველთვის იყო და დარჩება პრიორიტეტად, ხშირად ჩვენი საქმიანობისას ჩვენც გვიჭირს ხოლმე მათი საჭიროებების ადეკვატურად შეფასება და გათვალისწინება.
20 ნოემბერი წელიწადის მხოლოდ ერთი დღეა, როდესაც მსოფლიო გარდაცვლილ ტრანსგენდერ ადამიანებს იხსენებს. ეს დღე გვახსენებს, რომ ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებსაც საკუთარი ღირებულებებისა და იდენტობის გამო საკუთარი სიცოცხლის დათმობა მოუწიათ.
ჩვენო ტრანს დებო და ძმებო, მადლობა თქვენ! მადლობა თქვენ, რომ ხშირად გიწევთ იმ პირველადი დარტყმის საკუთარ თავზე მიღება, რომელიც ხშირად დანარჩენი ლგბ თემისთვის უცნობია! მადლობა იმისთვის, რომ სასტიკი და სიძულვილით სავსე გარემოს მიუხედავად, მაინც არ კარგავთ გამბედაობას და არ თმობთ საკუთარ იდენტობას!
სიყვარულითა და პატივისცემით,
თანასწორობის მოძრაობა