დაპირების მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ ქართული ქვიარ ფილმისთვის კანში გასამგზავრებელი ფული არ გამოყო – პროდუსერი


და ჩვენ ვცეკვავთ

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვცეკვავთ” პროდუსერმა ქეთი დანელიამ “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ კანში გასამგზავრებელი თანხა გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი დაპირების მიუხედავად არ მისცა, მას შემდეგ რაც დააზუსტეს, რომ ფილმი გეი ბიჭების სიყვარულის შესახებაა.

ქეთი დანელიას თქმით, ფილმის გადამღებ ჯგუფს კულტურის სამინისტროსთან ზეპირი შეთანხმება ჰქონდა, რომ კანის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად 2500 ლარს მისცემდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაურეკეს და უთხრეს, რომ ვეღარ ასწრებდნენ თანხის გამოყოფასა და ჩარიცხვას.

“სანამ უარს მეტყოდნენ, წინა დღეს, ფილმის ტრეილერი რომ დაიდო, დამირეკეს სამინისტროდან და გამომკითხეს ფილმის თემატიკა, ქართულ ანსამბლში ნამდვილად ჩოხებში ცეკვავდნენ გეი ბიჭები თუ არა. უბრალო ინტერესად ჩავთვალე. მეორე, დღეს კი მითხრეს, რომ იმ 2500 ლარსაც ვეღარ მაძლევენ. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან მწყდება გული. ნახევარი ჯგუფი ჩაიხსნა, ვისაც უნდა წარედგინა ფილმი პრემიერაზე, რადგან საქართველოდან გასამგზავრებელი თანხა ვერ ვიშოვეთ. რომ არა ჩემი პარტნიორების და ჩემი პირადი თანხა მცირე ჯგუფითაც ვერ წავიდოდით ფესტივალზე”, – ამბობს ქეთი დანელია “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას.

ფილმის პროდუსერს მიაჩნია, რომ ფილმი წარმატებული იქნება, თუ იმ პრობლემებს, რაც ფილმშია გაშლილი უფრო მეტი ადამიანი დაინახავს და გაიაზრებს. მისი თქმით, ეს ფილმი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მოვლენა, რომელიც რაღაცას შეცვლის.
“გადაღებისას და მერეც სულ იმას ვამბობდით, რომ ერთი ქართველი ახალგაზრდის ცხოვრება მაინც თუ შეცვალა ფილმმა, მაშინ ჩვენი საქმე გაკეთებულია”, – ამბობს პროდუსერი.
“და ჩვენ ვცეკვავთ” კანის კინოფესტივალზე სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული” არის წარდგენილი. იგი ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმია.