საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-მ დაარღვია არადისკრიმინაციულობის პრინციპი, როდესაც მომხრეებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა და ლგბტ ადამიანების წვეულება ერთმანეთთან დააკავშირა.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა მომზადებული მასალით დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციისგან თავის არიდებას.
POSTV-ის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს პლატფორმამ “არა ფობიას!” მიმართა, რომლის წევრი “თანასწორობის მოძრაობაცაა”. “არა ფობიას!” მიიჩნევს, რომ 9 თებერვალს გასული სიუჟეტის მიზანი იყო პარტიის მიერ ორგანიზებული ღონისძიების დისკრედიტება ჰომოფობიური განწყობების გაღვივებითა და დაუსაბუთებელი კავშირების ჩვენებით.
9 თებერვალს POSTV-ის სიუჟეტი შეეხებოდა ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას მომხრეებთან, სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ სასტუმროში, სადაც სააკაშვილი მომხრეებს უნდა შეხვედროდა, პარალელურად გაიმართება ლგბტ ადამიანების წვეულება. ეს ორი შეხვედრა ერთმანეთთან საერთოდ არ იყო კავშირში, თუმცა სიუჟეტის ავტორმა ისინი ერთმანეთთან დააკავშირა.
POSTV არის ინტერნეტ ტელევიზია, რომელიც სოციალური ქსელებით მაუწყებლობს. POSTV 2017 წლის ივნისში დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები “ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან.