ურუგვაიში ტრანს ადამიანებს სქესის მითითება


ურუგვაის პარლამენტში ზეიმობენ ტრანს ადამიანებისთვის კანონის მიღებას ფოტო: AP Photo/Matilde Campodonico

ურუგვაის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ტრანს ადამიანებისთვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები გაუმჯობესდება.

gaystarnews-ის მიხედვით, ახალი კანონის მიხედვით, ტრანს ადამიანებს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე იურიდიულ დოკუმენტებში შეეძლებათ საკუთარი სქესისა და სახელის მითითება.

ახალი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა 18 ოქტომბერს მიიღო, ტრანს ადამიანებისთვის დაფინანსების წყაროს აწესებს, რითიც განათლების მიღებას გაუადვილებს.

კანონმდებლობას ტრანს ადამიანების გარდა, ისინიც მიესალმებიან, ვინც საკუთარ გენდერს არაბინარული კატეგორიებით აფასებს.

ახალი კანონის მიხედვით, 1975 წლამდე დაბადებულ ტრანს ადამიანებს ყოველთვიური პენსია დაენიშნებათ. კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ პენსია იქნება კომპენსაცია იმ ზიანის, რომელიც ტრანს ადამიანებმა 1973-1985 წლებში ურუგვაიში სამხედრო დიქტატურის დროს მიიღეს.

კანონი სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს, რომ ტრანს ურუგვაელების 1% მაინც დაასაქმოს. კანონს 88 დეპუტატიდან 66-მა მხარი დაუჭირა.

publico.es-ის მიხედვით, კანონპროექტს მხარი არამარტო სახელისუფლებო კოალიციის, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი. კანონპროექტის განხილვები პარლამენტში დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

2018 წლის დასაწყისში კანონპროექტს მხარს უჭერდნენ ტრანს ადამიანები და მათი მხარდამჭერები. ასე შეიქმნა მოძრაობა Ley Trans YA (კანონმდებლობა ტრანსებისთვის ახლავე). მხარდამჭერები წერდნენ ვიდეოებს მოწოდებით “მხარს ვუჭერთ საკანონმდებლო ცვლილებებს ტრანს ადამიანებისთვის”.

სამხრეთ ამერიკული ქვეყანაში 2016 წლის აღწერის მიხედვით 873 ადამიანი მიიჩნევს თავს ტრანსგენდერად. მათი 75% აცხადებს, რომ საშუალო განათლება არ აქვს მიღებული. ხოლო 25% აცხადებს, რომ გენდერული იდენტობის გამო ოჯახმა უარჰყო.

“ტრანს ადამიანები დაუცველი არიან. პოლიცია და სახელმწიფო აპატიმრებდა და აწამებდა მათ დიქტატურის პერიოდში, რაც გაგრძელდა დემოკრატიულ ერაშიც”, – განაცხადა ტანია რამირესმა, სოციალური განვითარების სამინისტროს თანამშრომელმა.

ურუგვაი მიიჩნევა ერთერთ ყველაზე კარგ საცხოვრებელ ადგილად ლგბტ ადამიანებისთვის. “გეი ბედნიერების ინდექსის” მიხედვით, იგი მეხუთე ადგილასაა. ქვეყანაში ჰომოსექსუალობა 1934 წლიდანაა დეკრიმინალიზებული. 2003 წლიდან ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მოქმედებს, 2008 წლიდან ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო კავშირები მიღებულია, რასაც 2013 წლიდან ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების უფლება დაემატა.