ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ანტი-ლგბტქი კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 6 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ 2024 წელს მიღებული კანონი, რომელსაც საზოგადოება ასევე ანტი-ლგბტქი კანონის სახელით იცნობს. 

კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ იდენტობის საქმეების ჯგუფის აღსრულების პროგრესი შეფასებისას შუალედური რეზოლუცია მიიღო, სწორედ ამ რეზოლუციის ფარგლებში მოუწოდებს კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ანტი-ლგბტქი კანონის გაუქმებისკენ. 

რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი წუხილს გამოხატავს, რომ მათი მითითებების მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც მიიღო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი, რომელიც, მათ შორის, ლგბტქი იდენტობების წარმოჩენის მიზნით საჯარო შეკრებებს კრძალავს. კომიტეტის შეფასებით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. 

კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს აღნიშნული კანონი და არ გადადგას შემდგომი საკანონმდებლო ნაბიჯები, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მიერ კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.