სახალხო დამცველმა ტრანსგენდერი ქალის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა


საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი.

ტრანსგენდერი ქალის ინეტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავდა. ორგანიზაციის იურისტმა ტრანსგენდერი ქალის სახელით საქართველოს სახალხო დამცველს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ საქმის მოკვლევის თაობაზე განაცხადით მიმართა.

ტრანსგენდერი ქალი მ. კ. უძრავი ქონების აგენტ ლ. ს.-ს 2020 წლის 10 სექტემბერს დაუკავშირდა ერთერთი საიტის მეშვეობით, სადაც გამქირავებლად იყო მითითებული. მასთან პირველადი დაკავშირება მოხდა ტელეფონის საშუალებით, ხოლო გაგრძელდა Viber აპლიკაციის მეშვეობით. უძრავი ქონების აგენტმა მას უთხრა რომ გასაქირავებელი ბინები არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საიტის მეშვეობით გასაქირავებელი უძრავი ქონება იძებნებოდა. აგენტი საუბრისას იყო აგრესიული და ტრანსგენდერ ქალს მიაყენა შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით.

როგორც მიმოწერიდან ჩანს, ტრანსგენდერი ქალის უძრავი ქონების აგენტს ეკითხება მიზეზს, თუ რატომ ეუბნება უარს ბინის მიქირავებაზე, მაშინ როდესაც საიტზე ხელმისაწვდომი ბინები ჩანდა, რაც აგენტმა უპასუხოდ დატოვა. შემდგომ ტრანსგენდერი ქალი განმეორებით უკავშირდება ლ. ს.-ს და ეკითხება, ხომ არ აქვს ბინები შესაბამისი მომენტისთვის. ლ. ს.პასუხობს, რომ გასაქირავებელი უძრავი ქონება არ აქვს. მ. კ.-ის შემდგომი თხოვნა იყო, რომ როდესაც შესაბამისი ბინა გამოჩნდებოდა, მიეწერა მისთვის, რაზეც ლ. ს.-მ უპასუხა, რომ სხვას დაკავშირებოდა, რადგან „ჯერ არ ექნებოდა“.

მიმოწერის ამ ეტაპზე მ. კ. კვლავ ეკითხება ლ. ს.-ს უარის მიზეზს, რაზეც უძრავი ქონების აგენტი პასუხობს: „რა რატო გეუბნები არ მაქვს და არც მცალია“. ლ. ს. მ. კ.-სთან საუბარში მიმართვის ფორმად ერთჯერადად იყენებს სიტყვას „ბიჭო“. ამან მ. კ.-ის პროტესტი გამოიწვია, და ლ. ს.-ს მიუთითა, რომ მისი სახელი იყო მ.. ამის შემდგომ ლ. ს.-მ უპასუხა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იყო მ. კ. და კვლავ მამაკაცის სახელზე გაამახვილა ყურადღება. მ. კ.-მ ლ. ს.-ს მიუთითა, რომ მისი მხრიდან კომუნიკაციის ფორმა მისთვის, როგორც ტრანსგენდერი ქალისთვის, შეურაცხმყოფელია. ამის შემდგომ ლ. ს.-ს მ. კ.-ისთვის პასუხი Viber აპლიკაციის საშუალებით აღარ დაუბრუნებია.

სახალხო დამცველის ოფისი განმარტავს, რომ საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ უძრავი ქონების აგენტი წინასწარ ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული მოსაზრებებით მოქმედებდა. მისი უარი რაციონალური მოქმედებებიდან არ გამომდინარეობდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გენდერული იდენტობა არ შეიძლება გახდეს რომელიმე პირის უფლებისა და ინტერესების ხელყოფის საფუძველი. რეკომენდაციაში ყურადღება არის გამახვილებული ასევე ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ საბინაო სფეროში ხშირ დისკრიმინაციაზე.

სახალხო დამცველმა 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა ლევან სონღულაშვილს, რომ მომავალში თავი შეიკავოს გენდერული იდენტობის, ასევე სხვა ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს, აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

გთხოვთ, იხილეთ რეკომენდაცია, ბმულზე.