საქართველოს ხელისუფლებამ Covid – 19 (კორონავირუსის) ეპიდემიასთან გამკლავების მიზნით 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 21 მაისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაამძიმა საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, რომელთაც სოციალური დისტანცირების საშუალება არ აქვთ და საკარანტინე პირობებში ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე უწევთ არსებობა.
2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ[1] სახელმწიფოს დახმარების მიღმა ბევრი ისეთი ჯგუფი დატოვა, რომლებზეც კრიზისმა და მასთან გამკლავების გზად არჩეულმა სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის სტრატეგიამ ყველაზე მძიმედ იმოქმედა: თვითდასაქმებული და პრეკარიატულ შრომაში ჩართული ადამიანები – მეტწილად ქალები (მათ შორის, ძიძები, დამლაგებლები, მომვლელები), მარტოხელა დედები, უსახლკარო ადამიანები, სექს-სამუშაოში ჩართული ქალები და სხვა.
სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციების მიუხედავად, ანტიკრიზისულ გეგმაში არც ლგბტქი ადამიანების საჭიროებებია გათვალისწინებული. მოცემულ მდგომარეობაში, შემოსავლის და სამუშაოს გარეშე დარჩენილ ქვიარ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრთა მხარდაჭერით ან საზოგადოების სოლიდარობით ვერ სარგებლობს, ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ[2].. მათი გადაუდებელი საჭიროებები, მათ შორის ქირის სუბსიდირება და ალტერნატიული საცხოვრისით ან თავშესაფრით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ანტიკრიზისული დახმარების პროგრამის მიღმა დარჩა. კრიზისის დაძლევის პროცესში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეაგირება სათემო ორგანიზაციების მოთხოვნებზე ფრაგმენტულია და პროაქტიულად არ პასუხობს დღის წესრიგში მდგარ კომპლექსურ გამოწვევებს.
სახელმწიფოს მიერ უშუალოდ სათემო ორგანიზაციებისთვის გადაცემული რამდენიმე ათეული ყუთი საკვებისა და პირადი ჰიგიენის პაკეტით, რომელიც პირველივე დღეებში საჭიროებების შესაბამისად დარიგდა ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების ჯგუფებში, ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარების აქტია და შეუძლებელია ეს ლგბტქი თემის ზოგად თუ ამჟამინდელ კრიზისულ საჭიროებებზე ადექვატურ პასუხად ჩაითვალოს.
სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ეს საჭიროებები კომპლექსურია და გაითვალისწინოს, რომ ბევრი ქვიარ ადამიანი, რომელსაც პანდემიის პირობებში საცხოვრისის პრობლემა დაუდგა, ხშირად ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ან ოჯახიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო მოკვეთილი და დევნილია. მათ გაწყვეტილი აქვთ კავშირი ოჯახის წევრებთან და შესაბამისად, მათი დაბრუნება ოჯახში სარისკო და შეუძლებელია.
სტრუქტურული და სისტემური ჰომო/ბო/ტრანსფობია, რომელიც ამგვარ განწყობებს სოციალურადაც აწარმოებს, სახელმწიფოს მხრიდან მრავალი წელია გამოხატულია პოლიტიკური ნების უქონლობაში, შეცვალოს ქვიარ ადამიანებისადმი დამოკიდებულების მძიმე მემკვიდრეობა, და შექმნას სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაციისა და მასთან გადაჯაჭვული ეკონომიკური, შრომითი, ჯანდაცვითი უთანასწორობის აღმოფხვრისკენ მიმართული, პროგრესული სოციალური პოლიტიკის პროექტი.
საქართველოს სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ჰომოფობიას და ტრანსფობიას, ისევე, როგორც გენდერულ უთანასწორობას, დღემდე არ იაზრებს სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემად, რის გამოც ჰომოფობიის წარმოჩენა ხდება მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხად, და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დასახულ მთავარ სტრატეგიად კვლავ მის ინდივიდუალურ გამოვლინებებზე შერჩევითი სადამსჯელო პასუხი რჩება[3], ხოლო გენდერული თანასწორობის, გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შემცირებაზე მიმართული პროაქტიული ინიციატივები, ფართო საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ისევ რჩება სამთავრობო სამოქმედო გეგმებს მიღმა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს:
- გაითვალისწინოს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსი ქალების და ქვიარ ადამიანების საჭიროებები, ვინც კრიზისის გამო, ორმაგი, სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრის მსხვერპლია, გამოწვეული საცხოვრისის დაკარგვის რისკით, ისევე, როგორც სისტემური ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობით და ბულინგით, და უზრუნველყოს მათთვის ქირის სუბსიდირება, თავშესაფარი ან ალტერნატიული საცხოვრისის მობილიზება.
- გაატაროს დამატებითი ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება იმ მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე (მათ შორის ლგბტქი ადამიანებისთვის), ვისი საჭიროებებიც არ აისახა ანტიკრიზისულ სამთავრობო გეგმაში;
- ღიად გამოხატოს თემის წევრთა მხარდაჭერა, განსაკუთრებით, იმ მოცემულობაში, როცა თემის წევრებს ვირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის ფონზე, ორმაგი სირთულით უწევთ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ გარემოში ამ პერიოდის გავლა.
- დაიწყოს გამჭვირვალე პროცესი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც სისტემურად უპასუხებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევებს და მიმართული იქნება გაძლიერებისა და თანასწორობისკენ, როგორც პოსტ-კრიზისის პერიოდში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
კოალიციის წევრები არიან:
- თანასწორობის მოძრაობა
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG)
- ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- კავშირი „საფარი“
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
_____________________________________________________________________________
[1] http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75972