“თანასწორობის მოძრაობის” მიმართვა მთავრობას


“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ტრანსგენდერი ქალების აქციაზე მომხდარ შემთხვევას, სადაც აქციის ერთერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. 

ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რაც თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ზიანის მიყენებაზე საუბარმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ დუმილი შეუძლებელია, რადგან ტრანსგენდერმა ადამიანებმა აქცია იმის გამო გამართეს, რომ ისინი არიან უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. 

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება. 

მიუხედავად იმისა, რომ ”თანასწორობის მოძრაობა” დასაწყისიდანვე არის ჩართული  ტრანს ადამიანებისთვის თანხისა თუ სხვა საჭირო დახმარების მობილიზებაში, ჩვენი ფინანსები და მოქალაქეთა ინიციატივით შეგროვებული თანხები არ აღმოჩნდა საკმარისი. 

,,თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს სახელმწიფოს, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად მოიაზროს ლგბტქ ადამიანების საჭიროებები. სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს საზოგადოების რომელიმე სეგმენტის იგნორირებას. სახელმწიფო უნდა ხედავდეს ტრანს ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც ახლა ბინის, შემოსავლის, საკვებისა და სხვა ელემენტარული საჭიროებების გარეშე არიან დარჩენილები. სახელმწიფო, არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, ვალდებულია იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. 

ამასთანავე, მოვუწოდებთ მედიას, გაითვალისწინოს ის რისკები, რაც თან სდევს მოვლენების პირდაპირ ეთერით გაშუქებას როდესაც მათ არ შეუძლიათ სიტუაციის მართვა და არ შეუძლიათ განსაზღვრონ რა რისკების წინაშე შეიძლება დააყენონ საკუთარი მაყურებელი და ისინი, ვისაც უთმობენ ტრიბუნას. მით უფრო, რომ მსგავსი საზარელი კადრების გადაცემის შემდეგ, რეფლექსიის გარეშე გადაინაცვლებენ მომდევნო საკითხზე და არ დასვამენ შეკითხვას, თუ რამ მიიყვანა ტრანს ადამიანები უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ მივმართავთ:

მთავრობას: 

  • სახელმწიფომ უზრუნველყოს ლგბტქ ადამიანების დახმარება ბინის ქირის სუბსიდირებით ანდა თავშესაფრის შეთავაზებით; 
  • საგანგებო მდგომარეობისას შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში, სახელმწიფომ  გაითვალისწინოს ლგბტქ ადამიანების საჭიროებები და აღმოუჩინოს მათ შესაბამისი დახმარება; 

მედიასა და ჟურნალისტებს: 

  • ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, დაუსვან შეკითხვები, თუ როგორ ხედავენ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს და კონკრეტულად, რა ფორმით აპირებენ ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას.