ექიმებს პაციენტის არასათანადო მოპყრობის გამო გაფრთხილება მისცეს


ექიმებს, რომლებსაც ეგვიპტის მოქალაქე ავადმყოფი მამის მიმართ არასათანადო მოპყრობას ედავებოდა, წერილობითი გაფრთხილება მისცეს.

2019 წლის 26 თებერვალს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მოგვმართა ეგვიპტის მოქალაქემ ვ.ა.ე-მ, რომელიც განმარტავდა, რომ მამამისი ა.ა.ე. მოთავსებული იყო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მას სამედიცინო პერსონალი არ აქცევდა სათანადო ყურადღებას და ითხოვდა დახმარებას.

იმის მიუხედავად, რომ “თანასწორობის მოძრაობა” აღნიშნული მიმართულებით არ მუშაობს, მომჩივანი ლგბტ თემის წევრია, იგი თავისი ქვეყნიდან განსხვავებული სარწმუნოებისა და სექსუალური ორიენტაციის გამო წამოვიდა. მამამისი, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობდა, დროებით იმყოფებოდა საქართველოში, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საავადმყოფოში მოათავსეს.

„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებმა შეისწავლეს მის მიერ მოყვანილი ფაქტები და მივმართეთ როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტებმა არაერთი საჩივარი შეიტანეს შესაბამის დაწესებულებებში. ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ ზემოაღნიშნულმა უწყებებმა შეისწავლეს მოცემული საქმე და წერილობით გვაცნობეს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს N13 სხდომაზე დააყენეს სს „კ.ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ მომუშავე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებით ექიმებს მ.ღ და ნ.ლ -ს მისცეს „წერილობითი გაფრთხილება.“