თბილისში ქვიარ თემატიკაზე გადაღებული კიდევ ერთი ფილმის პრემიერა გაიმართება, რომელიც ორ ქალს შორის სიყვარულის ისტორიას შეეხება. ფილმის “კომეტები” ჩვენება თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
კინოფესტივალზე ფილმის სამი ჩვენებაა დაგეგმილი. სამივე კინოჩვენების ყველა ბილეთი გაყიდულია.
თამარ შავგულიძის ფილმის „კომეტები“ მსოფლიო პრემიერა კანადაში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ამავე ფესტივალის საკონკურსო სექციაში – „აღმოჩენები“ იქნება წარმოდგენილი.
ფილმის მთავარ როლებს ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ. „კომეტების“ სცენარზე რეჟისორმა თავად იმუშავა.
ნანა (55) და ირინა (55) ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება აუტანელი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად.
“ეს არის მშვიდი ფილმი, რომელიც ჰყვება ორი ქალის ხანგრძლივი, დაკარგული სიყვარულის ისტორიას. ფრაგმენტულ მოგონებებსა და დაძაბულ დიალოგებს შორის ფილმი მაყურებელს აჩვენებს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას ქვეყანაში, რომელიც ჯერაც იბრძვის ლგბტქ+ ადამიანების უფლებებისთვის”.
თამარ შავგულიძე 1980 წელს თბილისში დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (დათო ჯანელიძის სახელოსნო). 2011 წელს გადაღებული ფილმი „ დაბადებულები საქართველოში“ მისი სადებიუტო ფილმია. რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „კომეტები“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმის ოპერატორი გიორგი შველიძეა, რომელიც წელს ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზის მფლობელი გახდა.