შსს აცხადებს, რომ “თბილისის პრაიდის” უსაფრთხოებას ვერ დაიცავს


მოლაპარაკებების მიუხედავად “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შეთანხმება მსვლელობის უსაფრთხოების დაცვაზე ვერ მიაღწიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის ვერ დაიცავს მსვლელობის მონაწილეების უსაფრთხოებას, პრაიდის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ ისინი მაინც ჩაატარებენ მსვლელობას და არ წყვეტენ მზადებას. “თბილისის პრაიდი” 18-23 ივნისის პერიოდში ჩატარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება, რომ “თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც წარმოადგინეს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა.

სამინისტროს ცნობით, ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შევთავაზეთ გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის, აცხადებს შსს.

დღეს, 31 მაისს გამართეს პრესკონფერენცია თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა. ისინი ამბობენ, რომ შსს-ს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილებს შორის არ იყო არც რუსთაველის გამზირი და არც მთავრობის ადმინისტრაციის შენობა.

“ჩვენ გვინდა ეს მოვლენა და ეს დამოკიდებულება შევაფასოთ, როგორც საქართველოს მოქალაქეების საბაზისო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა და შელახვა”, – აცხადებენ თბილისის პრაიდის ორგანიზატორები.

“თბილისის პრაიდის” ორგანიზატორების თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა ხისტად განუცხადეს, რომ პრაიდის მონაწილეების დაცვა შეუძლებელია. მათ ალტერნატიულ ადგილებად შესთავაზეს იყოს დახურულ სივრცეში: კლუბში ან სტადიონზე შეკრება.

18-23 ივნისს, თბილისი პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება. პრაიდის კვირეულს დაასრულებს – ღირსების მარში, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური.