სააპელაციომ ლტოლვილი გეისთვის სტატუსის მინიჭება სამინისტროს დაავალა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შს სამინისტროს დაავალა, რომ ეგვიპტის მოქალაქე ვაგდი ელკორაეის ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს.

დაზარალებულის ინტერესებს თანასწორობის მოძრაობა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცავდა. მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 30 ნოემბერს გამოიტანა, სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ელკორაეის მიანიჭოს ლტოლვილის სტატუსი.

ვაგდი ელკორაეის ეგვიპტის დატოვება სექსუალური ორიენტაციისა და აღმსარებლობის გამო მოუწია. იგი 2017 წელს ჩამოვიდა საქართველოში. როგორც ვაგდი ელკორაეი ამბობს, ეგვიპტეში ყოფნის დროს ოჯახისგან განიცდიდა ფიზიკურ და სიტყვიერ ზეწოლას, ასევე სექსუალური ორიენტაციისა და მოგონილი ბრალდებების გამო 27 დღის განმავლობაში იყო დაკავებული.

იგი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადვოკატის დახმარებით დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ამის შემდეგ იგი საქართველოში ჩამოვიდა. 2017 წლის 12 მარტს ვაგდი ელკორაეი მართლმადიდებლად მოინათლა. ელკორაეი ამბობს, რომ თუ დაბრუნდება ეგვიპტეში, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.

ელკორაეისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს იმსჯელა. 20 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, სამინისტროს ხელახლა უნდა განეხილა ელკორაეის საკითხი, თუმცა სამინისტრომ სააპელაციოში გაასაჩივრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარის საფუძვლად იშველიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ვაგდი ელკორაეისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება გაუმართლებლად მიაჩნია.