ბოლო 10 წელში 2982 ტრანს ადამიანი მოკლეს – კვლევა


ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე ფოტო: ბარტ ნიკოლო

ტრანს ადამიანების მკვლელობები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 44 შემთხვევით გაიზარდა, ხოლო 2016 წელთან შედარებით 74 შემთხვევით. ამას ადასტურებს ანგარიში, რომელიც აქტივისტების ჯგუფმა “პატივისცემა ტრანსფობიის ნაცვლად” მოამზადა.

კვლევის მიხედვით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, 2018 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ტრანსფობიურ ნიადაგზე მომხდარი 369 მკვლელობა აღნუსხა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ ჩადენილი რეგისტრირებული დანაშაულობების რაოდენობა იზრდება,

მკვლელობათა შემთხვევების უმეტესობა მოხდა:

  • ბრაზილიაში (167)
  • მექსიკაში (71)
  • აშშ-ში (28)
  • კოლუმბიაში (21)

ამავე მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2008 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე, ტრანს ადამიანების მკვლელობის 2982 რეგისტრირებული შემთხვევაა აღნუსხული.

სტიგმა და დისკრიმინაცია არის სიღრმისეულად გამჯდარი დამოკიდებულება ტრანს ადამიანების მიმართ მთელს მსოფლიოში. ტრანსი და გენდერულად არაბინარული ადამიანები არიან მსხვერპლი შემაძრწუნებელი სიძულვილის დანაშაულების, გამოძალვის, ფიზიკური და სექსუალური თავდასხმებისა და მკვლელობების.

მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, რომ უმრავლეს ქვეყნებში ტრანს და გენდერულად არაბინარული ადამიანების მკვლელობების შესახებ მონაცემები არაა სრულყოფილად შესწავლილი, რის გამოც შეუძლებელია ტრანს ადამიანების მკვლელობების შესახებ ზუსტი ცნობების მოძიება.

ძალადობა ტრანს ადამიანების მიმართ ფარავს რასიზმს, სექსიზმს, ქსენოფობიას, სექს-მუშაკების საწინააღმდეგო განწყობებსა და დისკრიმინაციას. ამ ანგარიშის მონაცემები ცხადჰყოფს, რომ დაღუპული ტრანს ადამიანების 62%-ის პროფესია სექს-მუშაკობა იყო. აშშ-ში კი დაღუპული ტრანს ადამიანების უმრავლესობა (85%) ან აფროამერიკელი ან ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის  ნაწილს შეადგენდნენ.

საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში, სადაც დიდი რაოდენობით მიგრანტი მიდის აფრიკიდან და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან, დაღუპული სტრანსგენდერების დიდი ნაწილი – 65% იყვნენ მიგრანტები.

აღნიშნული კვლევა ტრანსგენდერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე 1999 წლიდან აღინიშნება 20 ნოემბერს ყოველწლიურად. მისი მიზანია, რომ ტრანსფობიურ ნიადაგზე დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგოს.

წყარო: transrespect.org