ტრანს ადამიანებზე თავდასხმის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს


პოლიცია. ფოტო: comersant.ge

დააკავეს სამი ადამიანი, რომლებსაც გუშინ, 12 ნოემებრს ორ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობაში ედება ბრალი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები გ.რ; ბ.მ; ბ.ბ; 22-დან 23 წლამდე ადამიანები არიან. ერთერთი მათგანი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ღამით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერ ქალს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველების ცნობით, ისინი ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი მათგანი დააკავეს, მეოთხე პირის დაკავების მიზნით კი მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
პოლიციის ცნობით, გამოძიება ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში, ყოველმხრივ და ობიექტურად წარიმართოს, აცხადებს პოლიცია.