მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქსენოფობიური და საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის დამაზარალებელია


მიხეილ სააკაშვილი ფოტო:comersant.ge

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გაკეთებულ ქსენოფობიურ და ანტისოციალურ განცხადებას. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მეტიც, აქტიურად შეუწყონ ხელი თანასწორობაზე, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში.

განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან და არა ბანგლადეშიდან [..]“

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ეთნიკური და სოციალური/კლასობრივი ნიშნით პირთა დისკრიმინაციის წახალისებას და აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების, როგორც ისედაც მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მარგინალიზაციას აღრმავებს. ამგვარი განცხადებები უარყოფით გავლენას ახდენს თანასწორობაზე, საზოგადოებრივ კონსოლიდაციაზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაზე და ხელს უწყობს ქსენოფობიური განწყობების გაძლიერებას და პოლიტიზებას ჩვენს საზოგადოებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი ერთადერთი განცხადება. ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია  “რუსთავი 2” ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას  და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. „…ესე იგი, ეს სტატისტიკა უტყუარად აჩვენებს, რომ ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები, რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ,“ – აცხადებს ის. ანტიმიგრანტული რიტორიკა, ბოლო წლებში გაძლიერებული ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგის ნაწილია და სამწუხაროა, რომ მსგავსი იდეების შემოტანა აქტიურად ჩვენს პოლიტიკურ სივრცეშიც მიმდინარეობს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ასევე დაბალი სოციალური კლასის მიგრანტების მიმართ მტრის ხატის შექმნა და სიძულვილის მობილიზება, სოციალური უსამართლობიდან კულტურულ საკითხებზე ყურადღების ხელოვნური გადატანის მცდელობაა და ზოგადად დაბალი სოციალური კლასის ადამიანების გარიყვას იწვევს.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ქსენოფობიური შინაარსის შემცველ განცხადებებს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები ამომრჩეველთა მობილიზაციის მიზნით იყენებენ და ამ გზით ხელს უწყობენ სოციალური კონფლიქტების და საზოგადოებაში ისედაც არსებული ქსენოფობიური, რასისტული განწყობების გაძლიერებას და პოლიტიკურ სივრცეში ღია შემოტანას, რაც ცხადია, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეასთან.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა საჯარო გამოსვლებისას თუ ამომრჩევლებთან საუბრისას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურად დაუჭირონ მხარი თანასწორობის პრინციპს.

თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კავშირი საფარი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)