შვეიცარიის პარლამენტი ჰომოფობიის კრიმინალიზებას გეგმავს


შვეიცარიის ეროვნული საბჭო. ფოტო: By http://www.parlament.ch, Attribution, https://commons.wikimedia.org/w/index.php?curid=4836104

შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ჰომოფობიური და ტრანსფობიური დისკრიმინაციის კრიმინალიზებას, რისთვისაც, კანონის დამრღვევს სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება.

იმისთვის, რომ, ეს ინიციატივა კანონად იქცეს, საჭიროა პარლამენტის ზედა პალატამ, სახელმწიფო საბჭომ, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს. კანონპროექტის ინიციატორმა მათიას რენარმა ქვედა პალატის, ფედერალური საბჭოს მხარდაჭერის შესახებ თავისი ტვიტერის გვერდზე დაწერა.

პარლამენტარის ცნობით, 116-მა დეპუტატმა 60-ის წინააღმდეგ ხმა მისცა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის კრიმინალიზებას.

გამოცემა letemps.ch--ის ცნობით, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლში, რომელიც შეეხება რასიზმის კრიმინალიზებას.

დღევანდელი მდგომარეობით კანონი ამბობს, რომ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ სიძულვილისა და დისკრიმინაციის წახალისება რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური მიკუთვნებულობის გამო, გამოიწვევს სამ წლამდე პატიმრობას ან დაჯარიმებას. ამ ჩამონათვალს შესაძლოა დაემატოს “სექსუალური ორიენტაცია” ან “გენდერული იდენტობა”.

ინიციატივის განხილვას, საკანონმდებლო ორგანოში ცხარე კამათი მოჰყვა მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. საბჭოს წევრმა მათიას რენარმა განაცხადა, რომ “მნიშვნელოვანი წარმატება ადამიანის უფლებების დაცვისთვის!”.

პარლამენტარის აზრით, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება ხმამაღალი განაცხადია, რომ ჰომოფობია არ არის მოსაზრება, არამედ კრიმინალი. მისივე თქმით, ამ საკითხზე პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას 2018 წლის დეკემბერში მიიღებს.