აქტივიზმი თანასწორობისთვის, ვათიე კერძაია


ვათიე კერძაია

“მე ვარ ვათიე, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების წევრი. მწვანე საკითხების გარდა ქვიარ აქტივიზმითაც ვარ დაკავებული. ფემინიზმიც ძალიან ახლოსაა ჩემთან. მიზეზი, რატომაც გავხდი აქტივისტი, იყო ის, რომ ბევრად უფრო ადრეულ ასაკში, როცა თავი სულ მარტო მეგონა, არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა, რა გამეკეთებინა. მხარდაჭერას ვერ ვგრძნობდი ვერც ოჯახიდან, ვერც საზოგადოებიდან, ვერც სკოლიდან, ერთადერთი ნათელი შუქი იყვნენ ის აქტივისტები, რომლებიც გამოდიოდნენ ჩემ მაგივრად და ჩემს უფლებებს იცავდნენ და ახლა ვფიქრობ, რომ მეც უნდა დავეხმარო ისეთ ადამიანებს, როგორიც მე ვიყავი მაშინ.

მეგობრების წრე ყველაზე მიმღები აღმოჩნდა. თითქმის არ მახსენდება არც ერთი მეგობარი, რომელსაც ცუდი რეაქცია ჰქონდა ქამინგ აუთზე. ოჯახში უფრო რთულად იყო ეს საკითხი. იმდენად რთულად, რომ როდესაც გაიგეს ჩემ შესახებ, სახლიდან წამოსვლა მომიწია. ალბათ, ყველაზე ცუდი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ წასასვლელი არსად არ მქონდა, საჭმელი არაფერი არ მქონდა, ჩასაცმელი არაფერი არ მქონდა. ერთადერთი რაც მქონდა იყო ზურგჩანთა, რომელიც მოკიდებული მქონდა, მეტი არ გამაჩნდა არაფერი საერთოდ.

ასეთ რთულ პერიოდში გამოჩნდნენ აქტივისტები ჩემს ცხოვრებაში, რომლებმაც გადამალახინეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ქამინგ აუთს მოსდევს ხოლმე. ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც ჩემმა ოჯახმა გაიგო ჩემს შესახებ, იმდენად რთული პერიოდი მქონდა, რომ გავეთავისუფლე ჩემს მენეჯერს რამდენიმე დღით და ვუთხარი მიზეზიც – სიმართლე, რატომაც ვეთავისუფლებოდი სამსახურიდან. რომ გაიგო, რომ გეი ვარ, ზუსტად 2 დღეში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დედლაინში დამირეკა HR-მა და გამათავისუფლა სამსახურიდან.

ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ვერთვები. მაგალითად, როგორიც არის მსოფლიო მარათონი. მთელი ცხოვრება ვცდილობდი სოციალური პასუხისმგებლობა მეგრძნო და ჩავრთულიყავი სხვადასხვა რაღაცაში. პირველი შესაძლებლობა მომეცა ზოოპარკში. დაახლოებით, სამი წელი ვიმუშავე ზოოპარკში, რომელიც ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებია.

თავისუფლების ის განცდა, რომელსაც ქუჩაში სიარულისას ვგრძნობ ხოლმე, როცა აღარ მეშინია არაფრის და არავისი, ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი მიმიღია ცხოვრებაში აქამდე. მათთვის კი ვინც, ვერ ლაპარაკობს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე, ვინც, ხმამაღლა ვერ იცავს საკუთარ უფლებებს, მინდა ვუთხრა, რომ არ ეშინოდეთ, ჩვენ ვდგავართ მათ მაგივრად, ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს, ისევე როგორც ოდესღაც ჩემს უფლებებს იცავდნენ. მთავარია, გვჯეროდეს, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ!”, – ვათიე კერძაია.