„თანასწორობის მოძრაობას“ მიმართა გეი ბიჭმა, რომელმაც განაცხადა, რომ იმყოფებოდა კახეთის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ნაქირავებ სახლში მას ჰომოფობიური მოტივით, მეზობლები შეუვარდნენ. როგორც იგი აცხადებს, მეზობლებმა მას დაულეწეს სახლში არსებული ავეჯი და სცემეს, თუმცა ბიჭმა გაქცევა მოახერხა. მას სახლის დატოვება და დროებით მეგობართან გადასვლა მოუწია. პოლიციაში მისულს, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები აიძულებდნენ, დაეწერა ახსნა-განმარტება, თითქოს მას მეზობლებთან პრეტენზია არ ჰქონდა. პოლიციელები დაზარალებულს მოუწოდებდნენ შერიგებოდა მის მეზობლებს.
„თანასწორობის მოძრაობის“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ჩარევის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ საბოლოოდ დაიწყო გამოძიება. გამოძიების შედეგები სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით უცნობია. ხშირად, განსაკუთრებით რეგიონებში, ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის შემთხვევებისას, პოლიცია თავს არიდებს გამოძიების დაწყებას და მის ბოლომდე მიყვანას.
ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად არის ჩართული ამ საქმის წარმოებაში, რათა გამოძიება დასრულდეს, დამნაშავეები დაისაჯონ და დაზარალებულს მშვიდად ცხოვრების საშუალება მიეცეს.