რა არის დოქსი-პეპი?
DoxyPEP – წარმოადგენს ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბაქტერიულ მედიკამენტს. დოქსიციკლინი სქესობრივი გზით გადამდები სამი ბაქტერიული ინფექციის სიფილისის, გონორეისა და ქლამიდიოზის პროფილაქტიკის საშუალებაა. მისი გამოყენება ინფიცირების რისკისშემცველი კონტაქტიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.
დოქსიპეპის ეფექტიანობა
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დოქსი-პეპი მნიშვნელოვნად ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექციების ინციდენტობას. კერძოდ:
|
სგგი |
ეფექტიანობა |
|
სიფილისი |
~77%-დან 87%-მდე |
| ქლამიდია |
~78%-დან 88%-მდე |
| გონორეა | ~22%-დან 55%-მდე |
გვერდითი (არასასურველი) ეფექტები
დოქსიციკლინის მიღებას შესაძლოა ახასიათებდეს გარკვეული სახის არასასურველი მოვლენები . მათ შორის, ფოტოსენსიტიურობა (მომატებული სენსიტიურობა მზის სხივების მიმართ). ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს გასტრო-ინტესტინული სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, დიარეა). დოქსიციკლინი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად. მიღებისას უნდა დალიოთ მინიმუმ ერთი ჭიქა წყალი. მედიკამენტის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში მოერიდეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნას, რათა თავიდან აირიდოთ საყლაპავის გაღიზიანება.
პოტენციური რისკები
- ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტები;
ორსულობის მე-18 კვირის შემდგომ გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის ძვლების და კბილების განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები
ანტიმიკრობული რეზისტენტობა
მედიკამენტმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბებას თქვენს ორგანიზმში და შეამციროს სქესობრივი გზით გადამდები და სხვა ინფექციების სამკურნალო ვარიანტები. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ტიპი, როდესაც ბაქტერია მდგრადი ხდება ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც ოდესღაც მგრძნობიარე იყო. სწორედ ამიტომ დოქსი-პეპის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პოპულაციებში.
როგორ მიიღება დოქსი-პეპი?
- მიიღება 200 მგ. დოქსიციკლინი ერთჯერადად, დაუცველი ანალური, ვაგინალური, ორალური სექსის შემდგომ;
- არ მიიღოთ დოქსი-პეპი ერთ ჯერზე მეტად 3 დღის განმავლობაში;
- არ მიიღოთ ანტაციდები, რკინა, კალციუმი, თუთია ან ბოჭკოვანი დანამატები დოქსიციკლინის მიღებიდან მინიმუმ 2 საათის განმავლობაში, ვინაიდან მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ მის შეწოვას;
- გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი დოქსი-პეპის მოხმარების პერიოდში.
უსაფრთხოების სხვა ზომები
- არ მიიღოთ დოქსიციკლინი, თუ გაქვთ ალერგია ტეტრაციკლინზე;
- არ მიიღოთ დოქსიციკლინი ორსულობის მე-18 კვირის შემდგომ;
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან შესაძლო ურთიერთქმედებების შესახებ, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:
- A ვიტამინის პრეპარატები და მედიკამენტები კანის პრობლემებისთვის (მაგ., იზოტრეტინოინი, ეთრეტინატი);
- ვარფარინი, სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად გამოყენებული მედიკამენტი;
- პენიცილინები, ანტიბიოტიკების სხვა ჯგუფი (მაგ., ამოქსიცილინი);
- ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტონი);
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რადგან დოქსიციკლინმა შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა, რაც მოითხოვს დამატებით კონტრაცეპციას.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია
მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა დოქსი-პეპს, მნიშვნელოვანია, 3-6 თვეში ერთხელ ჩაიტაროთ რეგულარული ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. გარდა დოქსი-პეპისა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია შესაძლებელია კონდომის სწორი და რეგულარული მოხმარებით, ასევე აივ ინფექციის PrEP (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) და PEP (პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) გამოყენებით.
დამატებითი ინფორმაცია და კონსულტაცია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ჯანმრთელობის კაბინეტს: დიღომი, ლიუბლანას ქუჩა #5, რკინიგზის საავადმყოფო, კანისა და ვენ.სნეულებათა ინსტიტუტი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) ამ ეტაპზე არ გააჩნია კონკრეტული, დამოუკიდებელი რეკომენდაციები დოქსი-პეპისთვის. ამჟამად დოქსი-პეპის დანიშნას რეკომენდაციას უწევს მხოლოდ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) და ბრიტანეთის შიდსის ასოციაცია. (British HIV Association).
გამოყენებული ლიტერატურა
- Saunders, J., Deering, J., Dewsnap, C., Drayton, R., Gilmore, J., Grant, A., Hunt, D.-W., Kohli, M., Lyons, F., Mohammed, H., & others. (2025). UK National Guideline for the Use of Doxycycline Post-Exposure Prophylaxis (DoxyPEP) for the Prevention of Syphilis (H. Fifer & N. Medland, Eds.) [Guideline].
- Bachmann, L. H., Barbee, L. A., Chan, P., Reno, H., Workowski, K. A., Hoover, K., Mermin, J., Mena, L., & Centers for Disease Control and Prevention. (2024). CDC Clinical Guidelines on the Use of Doxycycline Postexposure Prophylaxis for Bacterial Sexually Transmitted Infection Prevention, United States, 2024. In Morbidity and Mortality Weekly Report (Vol. 73, Issue No. 2) [Journal-article]. https://www.cdc.gov/mmwr/volumes/73/rr/pdfs/rr7302a1-H.pdf
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.