დასრულებული: ანონიმური ბლოგების კონკურსი


„თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს ანონიმური ბლოგების კონკურსს PrEP პროგრამის ბენეფიციარებისთვის. 

პრეპი, იგივე პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა, აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია, რომელიც აივ ინფექციისგან დაცვას 99%-მდე უზრუნველყოფს. „თანასწორობის მოძრაობა” PrEP პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ანონიმური ბლოგების კატალოგი, რომელიც პრეპში ჩართული პაციენტების პირად ისტორიებს გააერთიანებს. 

ანონიმური ბლოგების სერია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რატომ  დაიწყეს/შეწყვიტეს პრეპის მიღება;  
  • რა სირთულეებს წააწყდნენ პროგრამაში ჩართვისას (მაგ. სტიგმა, გვერდითი ეფექტები, ჯანდაცვის  სერვისებზე ზოგადი ხელმისაწვდომობა); 
  • PrEP-ის გავლენა ბენეფიციარების  სქესობრივ ცხოვრებაზე, ურთიერთობებსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე;
  • რას ურჩევდნენ სხვა ადამიანებს.

ბლოგების შინაარსი უნდა იყოს მრავალფეროვანი და  ეხმიანებოდეს პრეპთან დაკავშირებულ საკითხებს. ბლოგები უნდა ჰყვებოდეს პირად ისტორიებს, რაც სხვა ადამიანებს პროგრამაში ჩართვისკენ წაახალისებს. მივესალმებით ავტორის ინიციატივებისა და შეთავაზებებს.

კონკურსის დასრულების შემდეგ ავტორები იმუშავებენ რედაქტორთან ერთად. კამპანიის ფარგლებში შეირჩევა 10 ბლოგი. თითოეული ავტორისათვის განსაზღვრული ანაზღაურება შეადგენს 200 ლარს (გადასახადების ჩათვლით).

სხვა მოთხოვნები

  • ბლოგი უნდა ასახავდეს პირად ისტორიას; 
  • ბლოგში მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 500 სიტყვა; 
  • AI-ს (ხელოვნური ინტელექტი) გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტექსტის რედაქტირებისას, AI-ის მიერ გენერირებული შინაარსი არ განიხილება;

ანონიმურობა: 

ბლოგში არ იქნება გამოყენებული ავტორის სახელი და გვარი, არც სხვა მაიდენტიფიცირებელი დეტალი. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას მსგავსი გამოცდილების ქონის მიუხედავად. 

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი ბლოგის მოკლე მონახაზი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@equality.ge, ხოლო მეილის Subject-ის ველში მიუთითეთ – ბლოგების კონკურსი.

2025 წლის 20 ივნისის  18:00 საათამდე.

ბლოგის შესახებ მოკლე მონახაზში მიმოიხილეთ, რომელ საკითხზე ფოკუსირდებით და როგორ აღწერთ დასახელებულ პრობლემას (მაქს. 150 სიტყვა). 

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ: 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.