პატრიარქის ეპისტოლე


„ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებსდა იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი“ (გამოცხადება 1;3)

საქართველოს უღატაკესო შვილებო, თქვენი მიწებიდან იძულებით აყრილო და ნანგრევ შენობებში შესახლებულებო, ოჯახების სარჩენად გადახვეწილო ქალებო, სესხის პროცენტით განახევრებული პენსიის რიგში მდგომო მოხუცებო, ოჯახში ძალადობით აღზრდილო ბავშვებო, ვალებით, ავადობით, შიმშილით, სიცივით, ომით, უიმედობით, ზიზღითა და მარტოობით გატანჯულო თანამემამულენო!

აღარაფერი დარჩა სათქმელი, გარდა იმისა, რომ ყველაფერი უარვყოთ და დავივიწყოთ, რაც კი აქამდე ამბიონებიდან მოგისმენიათ. ის, რაც ჭეშმარიტება გეგონათ, სიცრუე იყო; რასაც სიკეთის სახელით მოგიწოდებდნენ, ბოროტებას ემსახურებოდა; როცა შვების პოვნას გპირდებოდნენ, ხელს გკრავდნენ; სადაც თავშესაფარს ეძებდით, იქ სიცარიელე იყო.

მაშ, ახლა როგორ უნდა მოიქცეთ?

პირველ რიგში, აღარავის მოუსმინოთ, ვინც ღმერთის სახელით დაგელაპარაკებათ, რადგან ყველანი ფარისევლები არიან.

ნუღარ მონათლავთ ჩვილებს, რათა მათ დაუტოვოთ თავისუფალი ნება, რომ შემდეგში თავად შეძლონ იმის გადაწყვეტა, უნდათ თუ არა ბრმად მორჩილება.

იმათი ნათლია ვიქნები, ვინც შვილს აღარ გააჩენს. თქვენი მოსაწყენი ცხოვრების გასახალისებლად სხვას ნუ გაწირავთ ამ სიყვარულისგან დაცლილ ქვეყანაზე მოსავლენად.

ნუ ჩააბარებთ აღსარებას მღვდლებს, რადგან ჯერ მათ აქვთ მოსანანიებელი თავიანთი აურაცხელი შეცოდებანი.

ნუ დატოვებთ ბავშვებს მათთან მარტო, რადგან ისინი უფრო მეტ საშინელებებს სჩადიან, ვინც სხვებს ემუქრებიან ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვით.

დაარღვიეთ ოჯახის სიმტკიცე, რომელიც ძალადობაზე დგას. ნუ დაბანთ ქმრებს ფეხებს, ქალებო. თუ მაინცდამაინც, მხოლოდ მდუღარე წყლით სავსე ტაშტში ჩააწყობინეთ ის ტერფები, რომლებზეც მაშინ იდგნენ მუხლების აუკანკალებლად, როცა თქვენზე ხელი აღმართეს.

მხოლოდ თქვენ გეკუთვნით თქვენი სხეული. ამიტომ აბორტი ცოდვა კი არა, თქვენი უფლებაა. ნუ მისცემთ ნურავის ნებას ეს შეგიზღუდოთ, თუ არ დაგპირდებათ, რომ ფეხმძიმობა გართულებების გარეშე ჩაივლის და მშობიარობა უმტკივნეულო იქნება,  ხოლო გაჩენილი ბავშვი შიმშილით, სიღარიბით, უსიყვარულობით არ გაიზრდება და თუ გოგო იქნება, მასაც იმავეს გამოვლას არ მოსთხოვენ, ხოლო თუ ბიჭი, ყველა ქალი არ შესძულდება.

ამას კი მამაზეციერიც არასდროს არავის დაჰპირებია, შესრულებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამიტომ აბორტი ნამდვილად თქვენი უფლებაა.

ნუ დაგაბრკოლებთ ეკლესიაში მისვლა, როცა მენსტრუაცია დაგეწყებათ. პირიქით, მაგ დროს თქვენი სხეული ისეთივე წმინდაა, როგორც ძე კაცისა, რომელიც ჯვარზე გააკრეს და მისი სისხლი დაანთხიეს.

ან ისეთივე წმინდა, როგორც ბარძიმში ზიარებისთვის ღვინოში ჩალბობილი პური.

არ მოკლათ, არ სცემოთ, არ გააუპატიუროთ, არ გააჩუმოთ ქალები, ტრანსგენდერი ქალები, რომელთა შორისაც, როგორც ერთგან დაიწერა, შეიძლება მესიაც გამოჩნდეს.

ნუ მისცემთ უფლებას თავს, აუგად მოიხსენიოთ მამათმავლები, რადგან მათ შორის ერთ-ერთი აუცილებლად იქნება თქვენი ოჯახის წევრი, მეგობარი, მოძღვარი, ხატზე გამოსახული წმინდანი, რომელსაც კრძალვით ემთხვევით ხოლმე, ან სულაც თქვენ თვითონვე შეიძლება იყოთ ის.

არა მხოლოდ მარხვისას, არამედ სულ შეიკავეთ თავი ცხოველების ტანჯვა-წამების ფასად ნაყროვანებისგან. ნოეს კიდობანში გამომწყვდეულებს, სანამ ქვეყანა იქცეოდა, მათი ოჯახის ინცესტის სცენების თანხლებით ის გაუსაძლისი დღეები თქვენს თეფშზე მოსახვედრად არ გაუტარებიათ.

უარყავით ისეთი სამშობლო, ენა და სარწმუნოება, რომელიც ძალადობას სთესს თქვენში.

გაკრიჭეთ ის სასულიერო პირი, რომელიც გეტყვით, რომ თქვენი შვილი, დედა, მამა, და, ძმა, ცოლი, ქმარი, მეგობარი მხოლოდ იმიტომ ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს, რომ მან სიცოცხლე თავად მოისწრაფა.

სწორედ მისნაირებმა წაართვეს მათ სიცოცხლის სურვილი.

მღვდელმთავრებს, ეპისკოპოსებს, მოძღვრებს, დიაკონებსა და ბერ-მონოზვნებს გახადეთ ძვირფასი შესამოსელი და ჩააცვით სიცივისგან გათოშილ უსახლკაროებს.

გადაადნეთ ხატების ძვირფასი ლითონი და გვირგვინად დაადგით იმ ქალებს, რომლებსაც ამ ქვეყნის გადასარჩენად სამშობლოს დატოვება მოუწიათ.

შელეწეთ იმ ეკლესიის კარი, რომელიც დახურული დაგხვდებათ, რადგან იქაურობა თქვენი, ყველასგან მიტოვებულების სახლია.

იქ არაფერი უნდა იყოს მოსაპარი, რადგან ღმერთს ძვირფასეულობა არ სჭირდება. ხოლო თუ მაინც არის და ამიტომ რაზავენ ტაძრის კარს, ესე იგი, ეგ ყველაფერი ნაქურდალია და ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

განკითხვის დღე დაუყენეთ მათ, ვინც ასწლეულებია ამ დღის მოახლოებით გაშინებთ.

იტყვიან, აი, ანტიქრისტეო, მაგრამ რისი უნდა გეშინოდეთ, როცა აქამდეც უკვე ამდენი საშინელების გადატანა მოგიწიათ. იქნებ დროა, მომავლის შიშის გამო ერთმანეთის ტანჯვა შევწყვიტოთ. იქნებ უკვე ისედაც ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და მხოლოდ ერთმანეთზე ზრუნვით თუ შევძლებთ გეენით დათუთქული ჭრილობების მოშუშებას. იქნებ, სწორედ ახლა…

 

აქ წყდება ჩანაწერი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის ნანგრევებში იპოვეს მას შემდეგ, რაც 2130 წელს ათონის მთიდან გამოფრენილი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მეორედ მოსვლის მაუწყებელი ეგონათ და მაშინდელი პატრიარქისგან განდგომილი მღვდელმსახურები ერთად შეკრებილი ელოდნენ მის ჩამობრძანებას, ბომბი აღმოჩნდა, რომელმაც პირწმინდად აღგავა ყველა და ყველაფერი პირისაგან მიწისა. მას შემდეგ გაბრწყინებულ ივერიაში ქალწულების დაფეხმძიმების ნაცვლად ქალების შურისძიების სჯერათ.

ავტორი: თემუკა ზოიძე


პუბლიკაცია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “თანასწორობის მოძრაობას” და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს“.