ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მადლობის წერილი სახალხო დამცველს


საქართველოში ლგბტქი საკითხებზე მომუშავე სათემო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ნინო ლომჯარიას და მის გუნდს ქვიარ საკითხებზე გაწეული შრომისა და პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისთვის!

ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობის პირობებში, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოში ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერ სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აპარატმა თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ზოგადი წინადადება გამოსცა, რამაც საქართველოში ლგბტქი ადამიანებისთვის რელევანტური საკითხების ადვოკატირების შესაძლებლობა საგრძნობლად გაზარდა.

განსაკუთრებით აღნიშვნას საჭიროებს სახალხო დამცველის მიერ მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოში ლგბტქი პირთა სოციო-ეკონომიკური მოწყვლადობის შემცირებას და სოგი ნიშნით მოტივირებულ ძალადობაზე რეაგირებას უკავშირდება, კერძოდ, ხარისხიან ტრანს-სპეციფიკურ ჯანდაცვაზე წვდომას, რომლის უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ ტრანს-სპეციფიკური ჯანდაცვის სერვისების ეროვნული გაიდლაინებისა და პროტოკოლების (სახელმძღვანელო პრინციპები) შემუშავების რეკომენდაცია გასცა.[1] ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობის პერიოდში, აპარატის მიერ შემუშავებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ანგარიშები ასევე უკავშირდება გენდერის სამართლებრივი აღიარების მარტივი და გამჭვირვალე მექანიზმის შექმნას, განათლების სფეროში ტრანსი ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკების აღმოფხვრას, რაც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნაში გამოიხატებოდა[2], 5-6 ივლისს მომხდარი დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანოზატორ პირთა პასუხისგებაში მიცემას და ა.შ.[3]

ნინო ლომჯარიას საქმიანობის ფარგლებში, აპარატმა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი სტანდარტები დაამკვიდრა[4], ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშების ნაწილად აქცია ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევების მიმოხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. ასევე, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობის პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოში ლგბტქი ადამიანების მდგომარეობას პირველად მიუძღვნა სპეციალური ანგარიშები[5].

აღნიშვნას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის კვლევის თანახმად, ლგბტქი თემის წევრებს შორის, სათემო ორგანიზაციების შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატი ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ყველა სხვა აქტორთან, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებთან მიმართებით.[6]

სათემო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ნინო ლომჯარიას და მის გუნდს გაწეული შრომისა და პრინციპულობისთვის, ასევე, იმედს გამოვთქვამთ, რომ სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც დარჩება ქვიარ საკითხებზე მომუშავე მნიშვნელოვან აქტორად.

[1] აღნიშნული რეკომენდაციის შესახებ მეტი დეტალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Y3zRTj წყარო ბოლოს ნანახია: 09.12.2022.

[2] მეტი დეტალი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3uAR9cP წყარო ბოლოს ნანახია: 09.12.2022.

[3] ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3uAxtWn წყარო ბოლოს ნანახია: 09.12.2022.

[4] ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3FefJVJ წყარო ბოლოს ნანახია: 09.12.2022.

[5] იხილეთ კვლევები შემდეგ ბმულზებზე: https://bit.ly/3Pi2kkm ; https://bit.ly/3FhggGE წყარო ბოლოს ნანახია: 09.12.2022.

[6] კვლევა მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Pd7s98 წყარო ბოლოს ნანახია: 09.12.2022.