ლგბტქი სათემო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მთავრობის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცებას“[1].
მსხვერპლთა კომპენსაციის შესახებ ამ მნიშვნელოვანი დებულებით, რომელიც ქვეყანამ სტამბულის კონვენციის 30-ე მუხლის[2] ვალდებულებით მიიღო, ამ ეტაპზე ტრანსგენდერი ქალები, სამწუხაროდ, ვერ ისარგებლებენ.
მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი არის „პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულში და რომელმაც უშუალოდ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება ან რომელიც გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გარდაიცვალა“[3] .
სამწუხაროდ, ამგვარი რეგულაცია და ის რომ საქართველოში ტრანს ადამიანებისთვის არ არსებობს თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი, კომპენსაციის წესით სარგებლობისგან გამორიცხავს ძალადობის მსხვერპლ ტრანს ქალებს.
ამდენად, სახელმწიფოს ვახსენებთ, რომ კომპენსაციის წესის მიღების მიუხედავად, ის ჯერ კიდევ არ ასრულებს სტამბულის კონვენციის მე-4 მუხლით გათვალიწინებულ შეთანხმებას იმაზე, რომ მსხვერპლთა უფლებების დამცველი ზომების მიღება ნებისმიერი (მათ შორის, გენდერული იდენტობის) ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
კრიტიკულად აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქვეყანაში ტრანს ქალებისთვის მიუწვდომელია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ადმინისტრაციული გარანტიებით სარგებლობაც[4].
საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი არც კანონმდებლობით რეგულირდება და არც ადმინისტრაციული პროცედურა არსებობს.
„დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ტრანს ადამიანი, რომელიც სქესის დამადასტურებელ ქირურგიულ ოპერაციას ჩაიტარებს და აღნიშნულის დამადასტურებელ ცნობას სამედიცინო დაწესებულებიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგენს, ნებისმიერი დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, მარტივად იცვლის სქესის აღმნიშვნელ ჩანაწერს დაბადების სააქტო ჩანაწერში.
რაც შეეხება ტრანს ადამიანებს, ვისაც ქირურგიული ოპერაციის ჩატარება არ სურთ, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება არ შეუძლიათ, ან ამ ძვირადღირებული ოპერაციისთვის საჭირო მატერიალური რესურსი არ გააჩნიათ, დამკვიდრებული პრაქტიკით გენდერის სამართლებრივი აღიარების უფლება შეზღუდული აქვთ“[5].
2017 წელს გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სახელმწიფოს მხრიდან უარის გამო, სამმა ტრანსმა კაცმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელიც მათ საქმეებზე გადაწყვეტილებას 2022 წელის 1 დეკემბერს გამოაქვეყნებს[6].
ლგბტქი სათემო ორგანიზაციები მივმართავთ:
საქართველოს პარლამენტს
– საქართველოში მცხოვრები ტრანს ადამიანების და სათემო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შეიმუშავოს და შექმნას თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო მექანიზმი;
საქართველოს მთავრობას
– უზრუნველყოს თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმის აღსრულების მხარდაჭერა უწყებათა ინტერსექტორული თანამშრომლობით;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
– შეიმუშავოს და შექმნას თვითიდენტიფიკაციაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული პროცედურა.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
თანასწორობის მოძრაობა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
პერიფერია
თემიდა
[1] საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №523 „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“.
[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3789678?publication=0
[3] იქვე, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
[4] ბახტაძე ქ. „გენდერის სამართლებრივი აღიარება საქართველოში – პოლიტიკის დოკუმენტი“, WISG, 2022, გვ: 21. <ხელმისაწვდომია აქ: t.ly/mVVl>
[5] იქვე, გვ: 15.
[6] WISG (14 ნოემბერი, 2022) “სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეებზე”, https://wisg.org/ka/news/detail/360