“ბაინდერის” მოხმარების ძირითადი წესები


ზოგიერთი ტრანს* და არაბინარული ადამიანისთვის, მკერდი შესაძლოა უფრო მწვავედ იწვევდეს გენდერულ დისფორიას: დისკომფორტსა და სტრესს, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანი ბიოლოგიურ სქესთან აცდენილი თვით აღქმის გამო განიცდის. მკერდის ახვევამ შესაძლოა გენდერული დისფორია შეამციროს და პოზიტიურად აისახოს ტრანს* ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, თუმცა ამავდროულად, შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ადამიანები მკერდის ახვევის სხვადასხვაგვარ ტექნიკას მიმართავენ. ზოგიერთი მათგანი, ელასტიურ ბანდაჟს იყენებს, ზოგიც სპორტულ ბიუსტჰალტერს, სხვები წებოვან ლენტებსა და სხვადასხვა საშუალებას. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მკერდის ახვევა გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვაგვარ ნეგატიურ გავლენას ახდენს სხეულზე. შესაბამისად უნდა მივყვეთ უსაფრთხოების წესებს, რათა მენტალურ კეთილდღეობასთან ერთად, შევინარჩუნოთ ფიზიკური ჯანმრთელობა.

მკერდის რეგულარული ახვევა გავლენას ახდენს კანზე, კუნთებსა და სხეულის მოქნილობაზე;  გულმკერდის ისეთი მასალებით დაფარვა, რომლებიც არ ატარებს ჰაერს, ქმნის სასათბურე პირობებს სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების განვითარებისთვის. ზედმეტად მჭიდრო სახვევის გამოყენებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კუნთებსა და ქსოვილებზე, შეზღუდოს მოძრაობის უნარი და გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა.

დარწმუნდი, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ:

#1 არასდროს გამოიყენოთ თვითწებადი ბანდაჟები, საკვების შესაფუთი ცელოფნები ან წებოვანი ლენტები. ზემო აღნიშნული საშუალებების გამოყენება მკერდის ასახვევად არც უსაფრთხოა და არც ეფექტური. მათი გამოყენება სხეულზე დაზიანებებს მოგაყენებთ.

#2 მკერდის სახვევის ტარების დრო შეზღუდეთ. არ ატაროთ სახვევი 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. ყოველთვის მოიხსენით სახვევი დაძინებამდე.

#3 სახვევის ყიდვისას დარწმუნდით, რომ თქვენზე მორგებულ ზომას ყიდულობთ. ზედმეტად ვიწრო “ბაინდერის” ტარებამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. თუკი არ იცით რა ზომის “ბაინდერი” გჭირდებათ, მის შეძენამდე გაიზომეთ მკერდის გარშემოწერილობა და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძინეთ იგი.

#4 მნიშვნელოვანია, “ბაინდერი” მოხმარებამდე და მოხმარების შემდგომ რეგულარულად გარეცხოთ და გააშროთ. ეცადეთ, მის ქვეშ ატაროთ თხელი შიდა პერანგი, ან მოიხმაროთ ისეთი პუდრა, რომელიც კანის გაღიზიანების პრევენციას მოახდენს.

#5 იმ მომენტში, როცა სახვევს არ იყენებთ, აკეთეთ სუნთქვისა და გაჭიმვების ვარჯიშები, რომლებიც ზურგისა გულმკერდის დაჭიმვასა და დაძაბულობას მოგიხსნით. ვარჯიში განსაკუთრებით აუცილებელია, თუკი მკერდი რეგულარულად გაქვთ ახვეული.

#6 უსმინე საკუთარ სხეულს! თუ გრძნობ დაძაბულობას, ტკივილსა და სუნთქვის გაძნელებას, მოიხსენი სახვევი დაუყოვნებლივ. ზემოაღნიშნული სიმპტომატიკის მიზეზი შესაძლოა ზედმეტად მჭიდრო სახვევი ან მისი ზედმეტი დროით მოხმარება იყოს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ტრანს* ჯანდაცვისა და საჭიროებების შესახებ დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა ყველა ტრანს*, არა ბინარულ და გენდერულად არა კომფორმულ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე.