კოალიცია სასამართლო რეფორმების შეფასების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას ეხმიანება


კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება სასამართლოს რეფორმების თაობაზე საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობას. სამწუხაროა, რომ საზოგადოებისთვის დახურულია ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის ფორმატის შესახებ. მასში მიწვეულნი არ არიან მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები, შესაბამისად პროცესი არაინკლუზიურად მიმდინარეობს.
მართლმსაჯულების სისტემა აშკარად მოითხოვს ფუნდამენტურ, არსებით ცვლილებებს. რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, სასამართლო სისტემა კვლავ მკაცრ კრიტიკას იმსახურებს, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების , ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. სისტემის გაჯანსაღებისა და ნდობის მოპოვებისათვის ახალი პროცესის დასაწყებად, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების ჯეროვანი და სიღრმისეული შეფასება, იმ გამოწვევების სწორად იდენტიფიცირება, რაც წლების მანძილზე სისტემაში არსებობს. მსგავსი ვალდებულება გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებითაც.
მმართველი პარტია ამ დრომდე არ აღიარებს სასამართლო სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევას, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობას, შესაბამისად აქამდე გატარებული რეფორმები, ძირითადად, ფრაგმენტული იყო და პროცედურულ საკითხებს ეხებოდა. „გავლენის სისტემა“ კი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაშია გაბატონებული და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ხელუხლებელი რჩება.
სისტემის გაჯანსაღებისა და ნდობის მოპოვებისათვის ახალი პროცესის დასაწყებად, მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის ტალღების ჯეროვანი შეფასება. საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი ფორმატი, რომელიც არაინკლუზიურად, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ამ პროცესს ფორმალური ხასიათი ჰქონდეს და მიზნად არ ისახავდეს რეალური პრობლემების სწორად იდენტიფიცირებას და შემდგომ მათი მოგვარებისკენ ნაბიჯების გადადგმას.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:
● რეფორმების შეფასებისას იყოს თანმიმდევრული. პროცესი ინკლუზიურ, მრავალპარტიულ და მაქსიმალურად საჯარო გარემოში წარმართოს. ყველა აქტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების დაიდენტიფიცირებასა და მისი გადაჭრის გზების მოძიებაში. სწორედ ამგვარი პროცესით შემუშავებულ დასკვნას უნდა დააფუძნოს პარლამენტმა შემდგომი რეფორმის კონცეფცია.
● განახორციელოს მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა. ამ პროცესში გაითვალისწინოს სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის გავლენები და არ იყოს ორიენტირებული კანონმდებლობის მხოლოდ პროცედურულ დახვეწაზე.