“თანასწორობის მოძრაობა” სოლიდარობას უცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვას!
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსთან უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების გამო, 2022 წლის 17 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცება.
სოციალური აგენტები წლების განმავლობაში ითხოვენ ანაზღაურების მომატებას და ღირსეული შრომის პირობებს. არსებული ანაზღაურება ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლების წლებია მოითხოვენ სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას. ეკონომიკური მდგომარეობის და ფასების ზრდის პირობებში, სატრანსპორტო ხარჯების აუნაზღაურებლობა კიდევ უფრო ამძიმებს სოციალური აგენტების სამუშაო პირობებს და მნიშვნელოვნად ამცირებს ყოველთვიურ შემოსავალს. ასეთი შრომითი პირობები სააგენტოს თანამშრომლებს სიღარიბის საფრთხის წინაშე აყენებს.
სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური აგენტების მოთხოვნების გათვალისწინების ნაცვლად, სრულიად უგულებელყოფს სააგენტოს თანამშრომლების მძიმე სამუშაო პირობებს. დასაქმებულების საჭიროებების იგნორირება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ უწყებისგან, რომელიც ქვეყანაში ღირსეული, სამართლიანი და თანასწორი შრომის პირობების უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.
„თანასწორობის მოძრაობა” დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას. სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი თანამშრომლები ამ პოლიტიკის მთავარი გამტარები არიან. მათი შრომითი უფლებების უგულებელყოფა, მინიმალური ეკონომიკური გარანტიების არარსებობა და ექსპლუატაცია სრულიად დაუშვებელია.
“თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
- დაუყოვნებლივ აღადგინოს კომუნიკაცია სააგენტოს თანამშრომლებთან, პროფკავშირთან და მათ წარმომადგენლებთან;
- სრულად გაიზიაროს სააგენტოს თანამშრომლების მოთხოვნები.