სათემო ორგანიზაციების მიმართვა


სათემო ორგანიზაციები ვეხმიანებით 5 ივლისის დილიდან განვითარებულ მოვლენებს და სახელმწიფოს ძალადობის დაუყოვნებლივ აღკვეთისკენ მოვუწოდებთ.

დღეს დილიდან, პრემიერ-მინისტრის განცხადების ფონზე, რომელმაც თავის გამოსვლაში გაჟღერებული საშიში აქცენტებით ჰომოფობიური ძალადობა წაახალისა, გუშინდელი დღიდან მობილიზებულმა სიძულვილის ჯგუფებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ადგილზე. ისინი დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებს, დაუზიანეს ტექნიკა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. განსაკუთრებით შემზარავია ფორმულას ჟურნალისტების ცემა და აბუჩად აგდება.

ყურადსაღებია ისიც, რომ ძალადობრივი მოქმედებები არ ლოკალიზდება ერთ კონკრეტულ უბანსა თუ ქუჩაზე, ის მთელ ქალაქს მოედო და სხვადასხვა ქუჩაზე არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმაში გამოიხატა.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მიზანმიმართული წახალისების მოწმე. ამით ხელისუფლებამ რადიკალურ ექსტრემისტ ჯგუფებს მისცა ლეგიტიმაცია ემოქმედათ კონსტიტუციისა და კანონის მიღმა.

საქართველოს ხელისუფლებამ დღეს უარი თქვა ემოქმედა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. მან არ აღკვეთა თბილისი პრაიდის ღირსების მარშის წინააღმდეგ მობილიზებული სიძულვილის ჯგუფების უკანონო, არაკონსტიტუციური და ძალადობრივი ქმედებები.

მოვუწოდებთ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს:

–  დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ინციდენტები და დააკავოს მასში მონაწილე პირები;

–  აწარმოოს თანმიმდევრული საგამოძიებო მოქმედებები;

–  პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და აღკვეთოს ინციდენტები დროულად და ეფექტიანად;

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

–  ღიად დაგმონ ძალადობა და თავდასხმები და ხელი შეუწყონ სიტუაციის სტაბილიზაციას. 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

“თანასწორობის მოძრაობა”

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”

“იდენტობა იუს”

“თემიდა”