ავტორი: სანდრო ღვინიაშვილი
დავიბადე ერთ ჩვეულებრივ სოფელში, ერთ პატარა სახლში, სადაც ვცხოვრობდით მე, დედა, მამა, და, ბებია და პაპა. ამ ჩვეულებრივ ოჯახში თითქოს ყველაფერი წესისამებრ მიდიოდა, თუმცა საქართველოში ჩვეულებრივობაში ოჯახში ძალადობაც მოიაზრება. ამ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ვიყავი მე – ბავშვი, რომელსაც დილით, რაც არ უნდა გახარებულს გამღვიძებოდა, დღის ბოლოს ხშირად აღმოვჩნდებოდი “დამნაშავე” და დედა ფიზიკურად მისწორდებოდა – მცემდა.
დედას ძალიან ვუყვარდი და მჯერა, ახლაც ვუყვარვარ, თუმცა თავისებურად. ჩემს გარშემო ბავშვობაში თითქმის ყველა ბავშვს სცემდნენ, მშობლის ძალადობის გამართლების მიზეზები კი არ ილეოდა. ამ მხრივ არც მე ვიყავი გამონაკლისი. ყველაფერი ცუდი რაც დედას გარშემო ხდებოდა თითქოს ჩემი ბრალი იყო და პატარა ბავშვურ ჭირვეულობაზეც კი ამ ბრაზს ჩემზე ანთხევდა. მირტყამდა იმის გამო, რომ არ ვჭამდი, არ ვიცვამდი იმას, რაც არ მომწონდა, არ ვასრულებდი მის ან სხვა უფროსის მოთხოვნებს, დავალებებს. პატარაობისას ვერც კი ვხვდებოდი, რატომ მცემდა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და კარგადაც ვიქცეოდი. დედა მშობელთა კრებებიდან ყოველთვის ამაყი ბრუნდებოდა და მაქებდა, თუმცა ამ ქებას ყოველთვის მოჰყვებოდა სიტყვები: “ნეტავ ყველამ იცოდეს, რა აუტანელი და ცუდი შვილი ხარ!”
დრო გადიოდა. ვიზრდებოდი. დედის სიტყვები უფრო დიდ ძალას იძენდა. სიტყვები მარწმუნებდნენ, რომ ცუდი შვილი ვიყავი. დიდხანს ჩემი სინდისი დედაჩემის ხმით მელაპარაკებოდა და მახსენებდა, რომ არასაკმარისად კარგი ვიყავი და რაც არ უნდა მექნა, ეს ფაქტი არ შეიცვლებოდა. მახსოვს, ერთხელ დედამ მხოლოდ იმიტომ მცემა, რომ დაკემსილი წინდა არ ჩავიცვი. ხშირად იმიტომ არ წყვეტდა დარტყმას, რომ ჩემი ტირილის ხმა უფრო აბრაზებდა. ხანდახან ტკივილისგან ვეღარ ვსუნთქავდი და უხმოდ ვტიროდი.
ვიზრდებოდი და საკუთარი თავის სიძულვილი მიძლიერდებოდა. მახსოვს, დედას თვალწინ ბიცოლამ მცემა, მან არც კი დამიცვა. ან ცეკვის მასწავლებელმა კომბალი ფეხებზე როგორ გადამამტვრია, მშობლებმა კი დამავალდებულეს, როგორც დამნაშავეს კომბალი შემეკეთებინა და მასწავლებლისთვის მიმეტანა. მთელი არსებით მჯეროდა, რომ ყველაფერს ვიმსახურებდი, თითოეულ დარტყმას და ფსიქიკურ ძალადობას. პროტესტის მცირედი გრძნობაც კი, რომელიც ღრმა ბავშვობაში მიჩნდებოდა, თანდათან გამიქრა და მეგონა, ყველას შეეძლო ჩემი ცემა. გარდატეხის ასაკში, მაშინ როდესაც მოზარდები უფრო თვითკრიტიკულები ხდებიან, საკუთარი თავის დადანაშაულება უფრო მეტად დავიწყე.
თუკი მანამდე დედასთან ჩახუტება მიყვარდა და როგორც დედა ამბობს მისი კოცნით ვერ ვძღებოდი, მოზარდობიდან ახლოს აღარ ვიკარებდი. მაშინ ვერც ვხვდებოდი მიზეზს. დედაც ამბობდა, უკარება გახდი და აღარ გიყვარვარო. ახლა ვაცნობიერებ, რომ მისი თითოეული შეხება უფრო მეტად მაზიზღებდა თავს და უფრო მეტად ვფიქრობდი, რომ მისგან სითბოს და სიყვარულს არ ვიმსახურებდი. ვეღარ ვანსხვავებდი ჩახუტებას ცემისგან და მერჩივნა არ შემხებოდა.
19 წლამდე არც კი მიფიქრია რომ პრობლემა დედაჩემში იყო. დედაჩემის სიყვარულში. მას ასე ვუყვარდი და ახლაც სჯერა, რომ სხვანაირი სიყვარული არ შეეძლო. ვიზრდებოდი და ფიზიკური ძალადობა ემოციურმა ძალადობამ ჩაანაცვლა – ყველაფერში დადანაშაულებამ და ყველაფრით უკმაყოფილებამ. შვილი ხომ ყოველთვის ელის მშობლისგან შეფასებას და შექებას. დედაჩემი კი ყოველთვის კმაყოფილთან ერთად უკმაყოფილოც იყო. მე ხომ საკმარისად კარგი არასოდეს ვიყავი.
სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვედი სასწავლებლად. დედისგან შორს ყოფნამ გამომაფხიზლა და დამაფიქრა იმაზე, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. მის მიმართ სიყვარულმა ფერი იცვალა და ვეღარ ვუძებნიდი სახელს. ვერ ვხვდებოდი, თუ ვუყვარდი რატომ მცემდა. დავფიქრდი, ზოგადად, რა იყო სიყვარული. ამის მიუხედავად, მაინც ვცდილობდი კავშირი არ დამეკარგა მასთან, თუმცა ვერ შევძელი. ახლა დედასთან და ოჯახთან აღარ მაქვს ურთიერთობა. რამდენჯერმე ვცადე ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ არ გამოვიდა. მას შემდეგ ერთხელ ვისაუბრეთ ტელეფონით, ვუთხარი რაც მაწუხებდა, მან კი მიპასუხა, რომ ყველა დედა სცემს შვილს და რაღა შენ გაბრაზდიო?! მე შენთან საბოდიშო და საპატიებელი არაფერი მაქვსო. ახლაც ასე ჰგონია. მეც აღარ ვცდილობ მის შეცვლას. მაშინ მან გააკეთა არჩევანი და მცემდა, მეც გავაკეთე არჩევანი და უარი ვთქვი მის “სიყვარულზე”.
ახლა, როცა სადმე ვამბობ, რომ არ მაქვს ურთიერთობა დედასთან, უმეტესობას უკვირს და ვამჩნევ, როგორ არ ესმით ჩემი. ამ დროს მინდა ხოლმე ვუთხრა მათ, სად იყვნენ, როცა მცემდნენ, სად იყვნენ, როცა სუნთქვის შეკვრამდე მცემდნენ, სად იყვნენ როცა თანადგომას და დაცვას ველოდი გარშემომყოფებისგან? ცხადია, კონკრეტულად ეს ადამიანები იქ არ იყვნენ, თუმცა მათი მსგავსი ბევრი იყო ბავშვობაში ჩემს გარშემო. ხშირად სწორედ მათ თვალწინ მირტყამდნენ. დღესაც ბევრს არ ესმის, არ ხედავს და არ საუბრობს ბავშვთა მიმართ ძალადობაზე.
ბავშვებზე ძალადობის ორი შემთხვევა მახსენდება: ერთი, როცა მამამ შვილს ქუჩაში ხელი ჰკრა და მეორე, როცა დედამ ბაღის ასაკის ბავშვს ყური ისე აუწია, რომ მთელი სიმწარე ვიგრძენი და ბავშვობაში დავბრუნდი. ვცადე მოძალადე მშობლები შემეჩერებინა, თუმცა უშედეგოდ. პირველ შემთხვევაში მამა იმდენად გააღიზიანა ჩემმა სიტყვებმა, რომ სახეში შემაფურთხა. ყველაზე მეტად იმაზე ვბრაზდები, რომ არავინ გამოჩნდა ბავშვის დამცველი, ყველამ ჩემი დადანაშაულება დაიწყო. მე მათთვის ინტრიგანი და არამკითხე მოამბე ვიყავი. მარტო ხალხი კი არა, სახელმწიფოც უმოქმედოა. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როდესაც ბავშვზე ძალადობენ, მაშინ როცა სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი ქმედითი სერვისები ბავშვების დასაცავად?!
არ არსებობს სისტემა, რომელიც დაიცავს ბავშვს. მას შემდეგ, რაც გამოესარჩლები, არ ხარ დარწმუნებული, რომ ეს ბავშვები ქუჩაში “ცუდად მოქცევის” გამო, იმავე მშობლებისგან უარესი ძალადობის მსხვერპლი არ აღმოჩნდებიან შინ – ოჯახში. სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი ბერკეტი ძალადობის წინააღმდეგ. სისტემა, რომელიც დაინახავს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და არ ფიქრობს მოძალადე მშობლებზე. დედაჩემიც იმავე გარემოში გაიზარდა, სადაც ცემა აღზრდის გამართლებული მეთოდია. დედასაც ისევე სცემდნენ, როგორც მე მცემდა ის. ალბათ, არც მას გამოესარჩლა არავინ. ალბათ, დედაჩემსაც ჰგონია, რომ ყველა დარტყმა, დასჯა და ძალადობა დაიმსახურა, როგორც მე მჯეროდა, თუმცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე შევძელი კრიტიკულად შემეხედა ამ საკითხისთვის.
ხშირად მიფიქრია, რას ვურჩევდი, ჩემს თავს ბავშვობაში, ან სხვა ბავშვებს. მთავარი მაინც იმის გაცნობიერებაა, რომ თქვენ არ ხართ მარტო, არ ხართ ცუდი შვილები, გაქვთ უფლება იყოთ დამოუკიდებლები და გქონდეთ საკუთარი აზრი, მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ რაღაცები. გიყვარდეთ საკუთარი თავი, იფიქრეთ იმაზე, რომ გაიზრდებით და ყველაფერი გააკეთეთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. თუ შეგიძლიათ აპატიეთ, თუმცა თუ არ გამოგივათ, განაგრძეთ ცხოვრება და თავიდან შექმენით ოჯახი, სადაც უანგარო სიყვარული იქნება შესაძლებელი, როგორც მე ვცდილობ ახლა. მშობლებს კი ვეტყვი, რომ ხშირად იფიქრონ საკუთარ ბავშვობაზე. გაიხსენონ რას გრძნობდნენ, რა მოსწონდათ, ან არ მოსწონდათ, რაზე ბრაზობდნენ, რა სწყინდათ, რა სტკიოდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ შვილები თქვენს საკუთრებას არ წარმოადგენენ, ისინი ინდივიდები არიან, ისეთივე განსხვავებული ხასიათი და სურვილები აქვთ, როგორც თქვენ. მომავალ მშობლებს კი ვეტყოდი კარგად დაგეგმონ ოჯახი. ბავშვის აღზრდას დიდი ნებისყოფა, ზრუნვა და უანგარო სიყვარული სჭირდება. მჯერა, ყველა მშობელს უყვარს შვილები, ამიტომ ნუ დააზიანებთ მათ მომავალს და გრძნობებს.
______________________________________________________________________________
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.